1 მოკლული და 17 დაშავებული - თავდასხმა ისრაელის ქალაქ რაანანაში

პუბლიკა

ისრაელის ქალაქ რაანანაში დანით შეიარაღებულმა კაცმა  79 წლის ებრაელი ქალი მოკლა და მისი მანქანა გაიტაცა.  შემთხვევის შედეგად დაზარალებულია 17 ადამიანი – ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ჰაარეცი“ ავრცელებს.

„ჰაარეცის“ ინფორმაციით, ორი ადამიანი, მათ შორის 16 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 15, მათ შორის 6 ბავშვი, მსუბუქ მდგომარეობაში იმყოფებიან.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციის ცნობით ეჭვმიტანილი 44 წლის პალესტინელი არალეგალი მუშაა, რომელიც მას შემდეგ დააკავეს, რაც მოსახლეობას სამი სხვადასხვა მანქანით გადაუარა. დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, ეჭვმიტანილის ძმისშვილი, რომელიც ასევე იჯდა ავტომობილში.

„როიტერსის“ ცნობით, პოლიციამ მომხდარი ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

პოლიციის წინასწარი გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ქალი დანით დაჭრა და მისი ავტომობილი გაიტაცა და მოსახლეობას გადაუარა. ეჭვმიტანილმა მანქანაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ სხვა მანქანაში გადაინაცვლა და კვლავ გადაუარა მოსახლეობას. ეჭვმიტანილის მოტივაცია და საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

გამოძიებას პოლიციის ცენტრალური ოლქი და შინ ბეტის დაცვის სამსახური ხელმძღვანელობს.