18-22 წლის მოქალაქეებს სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ – სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-დან 22 წლის ჩათვლის მოქალაქეებს სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.

„რეზერვისტთან ფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და ამის შემდეგ მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, სამოქალაქო სამსახური.

საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა, ხოლო რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.

მნიშვნელოვანია ის, რომ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად.

სარეზერვო სამსახურის გავლის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: რეკრუტირების ფაზა, შერჩევის ფაზა, სარეზერვო სამსახურის გავლა და კონტრაქტის გაგრძელება.

სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირს გააჩნია შემდეგი სოციალური დაცვის გარანტიები. პირველი, რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. შრომის სტაჟად ეთვლება კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი.

სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება. უნარჩუნდება ასევე, სახელმწიფო კომპენსაცია სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები“, – განაცხადა ჯოხაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები, როგორც ქალები, ასევე კაცები.