2024 წელს სამტრედიაში მომხდარზე სასამართლომ ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა

პუბლიკა

2024 წელს სამტრედიაში მომხდარზე სასამართლომ ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ნიკა გვარამიამ დაუდასტურა.

პარტია „ახალის“ წევრს, ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძეს ბრალად წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ედებათ (სსკ 162-ე მუხლი). მათ პროკურატურა 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდამსხმელზე ძალადობას ედავება.

ნიკა გვარამიას შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების არგამოყენება ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ საქმეში დანაშაულის შემადგენლობა ვერ დაინახა.

მისი თქმით, ფაქტი, რასაც მირცხულავასა და კობაიძეს ედავებიან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ მომხდარა და ამ საქმისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით კვალიფიკაციის მინიჭება „თეორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნორმა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქმედებს.

„არც ერთი აღკვეთი არ მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობა პრაქტიკულად ვერ დაინახა მოსამართლემ. კი ჩანიშნა წინასასამართლო სხდომა [1 ოქტომბერს], მაგრამ პრაქტიკულად საქმის შეწყვეტის დადგენილებაა ეს. ამ მოსამართლეს სხვა არაფერი არ შეეძლო.

აქ პრობლემა ის არის, რომ 162-ე მუხლი უბრალოდ არ არსებობს არასაარჩევნო პერიოდში, ნორმა არ არსებობს. ეს ნორმა იღვიძებს მხოლოდ მარტო საარჩევნო პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 27 აგვისტოს, ფაქტი მოხდა 11 აგვისტოს. თეორიულად შეუძლებელია. ქართულ სასამართლოში კი არის შესაძლებელი, მაგრამ… „არ არის დანაშაული, არ არის სასჯელი“ – ეს ყველაზე ბაზისური სისხლის სამართლის პრინციპი ვრცელდება ამ შემთხვევაზე“, – უთხრა გვარამიამ „პუბლიკას“.

ამ საქმეზე ბრალდებულია ასევე სულხან-საბა ნიკოლეიშვილი, პირი, რომელმაც ნიკა მელიას დაარტყა. პროკურატურა მასაც 162-ე მუხლის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ედავება.

გვარამიას შეფასებით, ნიკოლეიშვილს ჩადენილი აქვს პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელშეშლა, რადგან იმ პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა.

„პუბლიკა“ ცდილობს, გაარკვიოს, იმსჯელა თუ არა სასამართლომ სულხან-საბა ნიკოლეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე.


2024 წელს ნიკა მელია წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამტრედიაში იმყოფებოდა და  კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ცოტა ხნის წინ განახლდა და  მოწმეების გამოკითხვა დაიწყო.  გამოიკითხა ნიკა მელიაც.

პროკურატურამ ბრალი სამ ადამიანს წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის  არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა – გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ  ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.