თუ დადებენ ფაქტს, რომ ადამიანმა იძალადა და არ დავაკავეთ, გადავდგები - გომელაური 5 ივლისის მოვლენებზე

პუბლიკა

„31 ადამიანი დავიჭირეთ და 100-ზე მეტი ადმინისტრაციულად დავაკავეთ 5 ივლისის თემაზე. როგორაა [ძალადობა ] წახალისებული? თუ დადებენ ფაქტს, რომ ადამიანმა იძალადა და არ დავაკავეთ, დავწერ [განცხადებას] და წავალ სახლში, გადავდგები“, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არაა ძალადობა წახალისებული 5-6 ივლისს ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.

გომელაურის თქმით, ოპოზიციის ნარატივია, რომ 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებულები არ არიან.

„5 ივლისზე ძალიან ბევრი ვისაუბრე… კანონს აქვს თავისი წესები. ამას მე არ ვწერ გაწერილია კანონი, სადაც არის, რომ დაკავება შეგიძლია ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში.. ბრალი წაუყენე და შემდეგ უკვე მე ვერ ვაკავებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატის ფარგლებში უსმენდნენ. მას დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს” შესახებ ჰკითხა – „თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს „ალტ-ინფომ” ფუნქციონირება ჩვენს ქვეყანაში თუ შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ამ ხალხმა ძალადობა?”.

„უნდა დაიხუროს, თუ არ უნდა დაიხუროს, მე შეიძლება ჩემი აზრი, ბევრი აზრი მქონდეს და ბევრი რაღაც უნდა დაიხუროს ან არ უნდა დაიხუროს, მარა კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ. თორე, გომელაური ვერ დახურავს მაგას და ვერც შინაგან საქმეთა მინისტრები, სამინისტროს თანამშრომლები“, – განაცხადა გომელაურმა დღეს.