კანონი უნდა დაიხვეწოს, თორე გომელაური ვერ დახურავს მაგას - შს მინისტრი „ალტ-ინფოზე"

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატის ფარგლებში უსმენენ. მას დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს” შესახებ ჰკითხა – „თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს „ალტ-ინფომ” ფუნქციონირება ჩვენს ქვეყანაში თუ შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ამ ხალხმა ძალადობა?”. „პუბლიკა” გომელაურის პასუხს სტილის დაცვით გთავაზობთ:

„რაც შეეხება „ალტ-ინფოს”, უნდა დაიხუროს თუ არა – ნუ, ამაზე რა უნდა ვთქვა ეხა, ესაც იგივე პრობლემაა. არანაკლები პრობლემაა შეიძლება ძალოვნებისთვის იგივე, შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება. ძალიან ცუდი ფაქტებია და, გეთანხმებით და.

უნდა დაიხუროს, თუ არ უნდა დაიხუროს, მე შეიძლება ჩემი აზრი, ბევრი აზრი მქონდეს და ბევრი რაღაც უნდა დაიხუროს ან არ უნდა დაიხუროს, მარა კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ. თორე, გომელაური ვერ დახურავს მაგას და ვერც შინაგან საქმეთა მინისტრები, სამინისტროს თანამშრომლები”, – განაცხადა გომელაურმა.

დაზუსტებების ეტაპზე გომელაურს კვლავ ჰკითხეს, დაეკონკრეტებინა საკუთარი პოზიცია „ალტ-ინფოს” დახურვასთან დაკავშირებით. მან უპასუხა:

„ავხსენი და გითხარით, რომ „ალტ-ინფომ” უნდა იარსებოს თუ არ უნდა იარსებოს, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის-მეთქი. კანონი უნდა მიიღოთ. უნდა მიიღოთ, იქნება არ შეიძლება მისი არსებობა, ჩვენ აღვასრულებთ თუ ჩვენ დაგვევალება მისი აღსრულება კანონით.

ანუ, ვერ გავიგე, მე თუ ვიტყვი, რომ არ უნდა არსებობს, დავუშვათ, „ალტ-ინფო”, ვსო, ხვალე დაიკეტება?! კითხვას გისვამთ მეც იგივე, დაიკეტება ხვალე „ალტ-ინფო”? ჩემი აზრები მე შემიძლია, აქ დავაფიქსირო და შემიძლია, არ დავაფიქსირო, მაგაზე თქვენ არ გაქვთ უფლება, მთხოვოთ, გინდა თუ არა თქვენი აზრი…

„კანონს რატომ არ ასრულებთ” – მაგაზე გეთანხმებით, უნდა მითხრათ, რა თქმა უნდა და უნდა მომთხოვოთ, მარა ჩემი აზრები აქ უნდა დავაფიქსირო თუ არ უნდა დავაფიქსირო, ეს ჩემი საქმეა. და მე უფლება მაქვს, ნება მაქვს, დავაფიქსირებ და შემიძლია, არ დავაფიქსირო. და ნუ მთხოვთ ამაზე ახლა, გინდა თუ არა, დააფიქსირე აქ თქვენი აზრები…

მე გითხარით, აგიხსენით, ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონი მიიღეთ, დამევალება და აღვასრულებ”, – განაცხადა გომელაურმა.