5 ივლისს ძალადობისთვის კიდევ 2 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

კიდევ ორ პირს, რომელსაც 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროკურატურა ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვ.ბ. სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, თავს დაესხა „ტვ პირველის“ ოპერატორს, ლევან ბრეგვაძეს, მიაყენა მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ცემის ეპიზოდში მონაწილეობა არ აღიარა. მისი ადვოკატი კი 7 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დ.ქ.-ს: პროკურატურის თანახმად, ის თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც lgbtqi+ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა.

წარდგენილი ბრალი არც დ.ქ.-მ აღიარა, მისმა ადვოკატმა გიაროდ 2 000 ლარი მოითხოვა.


5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.