ამაღამ ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება, მივიღეთ დახურვის გადაწყვეტილება - KHIDI

პუბლიკა

ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება – ამის შესახებ კლუბი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კლუბმა 22-თვიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში შეძლო მუშაობა – „ისიც უდიდესი წნეხის ფონზე“.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას… ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.

ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება.

კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაუკრვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ“, – ნათქვამია KHIDI-ის განცხადებაში


იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა გუშინ კლუბმა BASSIANI. „14-15 იანვარს იქნება ბოლო წვეულებები. შემდეგ მოგვიწევს, დაველოდოთ „ომიკრონის“ დინამიკას“, – აღნიშნა კლუბმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.