უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

„ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციაზე, რაც ასე ძალიან საჭიროა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა არის ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულება.

ევროკავშირი ასევე განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა.

გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.

„იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“, – წერდა Twitter-ზე ადამ კინზინგერი.

კინზინგერის განცხადებიდან რამდენიმე საათში უგულავას დაპატიმრება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“, – წერდა Twitter-ზე სენატორი რიში.

ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად პოზიცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა. როგორც საელჩო წერდა, იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც და განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება.

უგულავას დაკავება გააკრიტიკეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ წევრები ან გიგი უგულავასთან დაპირისპირებულები იყვნენ. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმათამარ ჩუგოშვილმაგიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა.