კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორი, გაგა ჩხეიძე, სამართლებრივ დავას იწყებს

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს მიერ  ეროვნული კინოცენტრის  ვადაზე ადრე გათავისუფლებული დირექტორი, გაგა ჩხეიძე სამართლებრივ დავას იწყებს. მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები დაიცავენ. ადვოკატი თეონა კილაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის ბრძანების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს 11 აპრილს შეიტანენ.

„ორშაბათს შეგვაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვთ გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანების ბათილობას. ასევე მოვითხოვთ  განაცდურის ანაზღაურებას, გარდა ამისა, განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრას. ეს იქნება სასარჩელო მოთხოვნა და ეს გულისხმობს აუდიტის დასკვნასაც“, – აცხადებს ადვოკატი თეონა კილაძე.

მისივე თქმით, 2022 წლის 14 მარტს გაგა ჩხეიძის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი 7 თვით ადრე დასრულებული აუდიტის დასკვნაა. კილაძე აღნიშნავს, რომ გათავისუფლება დროში საეჭვოდ დაემთხვა გაგა ჩხეიძის მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებას კინოცენტრის გვერდზე და ასევე მოწოდებას, რომ სახელმწიფოს შეეჩერებინა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლითაც ხდება ფილმების შესყიდვა და შემდეგ რესტავრაცია-აღდგენა.

გაგა ჩხეიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მასთან ურთიერთობა თავიდანვე რთულად აეწყო. მისი თქმით, პირველივე შეხვედრისას თეა წულუკიანმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ განხილვა დაიწყო.

„…რომლითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა; უკმაყოფილო იყო იმითიც, რომ სახელმწიფომ ფული დახარჯა ამ ფილმის დაფინანსებაზე, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პოზიცია და მესიჯი, რომელსაც ეს ფილმი ავრცელებს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაგა ჩხეიძის გათავისფულება არ არის პირველი შემთხვევა. მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად, მისი თქმით, რეორგანიზაციასა და ცვლილებებს მიეცა საკადრო წმენდის სახე და 70-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული კულტურის სფეროდან.

„ჩვენ რასაც ვაკვირდებით, დაახლოებით ერთსა და იმავე სქემასთან გვაქვს საქმე – ესენი არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კულტურის სფეროში და ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, თუმცა მათი გათავისუფლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი არ არიან პარტიის მიმართ ლოიალურები და უბრალოდ არიან ერთგულნი თავიანთი პრინციპებისა და საქმის. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ გათავისუფლებას საფუძვლად არ უდევს მათ მიერ საქმიანობის ცუდად წარმართვა, არამედ – პოლიტიკური სარჩული, რომ ისინი არ არიან ლოიალურად განწყობილები „ქართული ოცნებისა“ თუ მინისტრის მიმართ“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

„ღია საზოგადოების ფონდის“ აღმსარულებელმა დირექტორმა დღეს პრესკონფერენციაზე საუბრისას გაგა ჩხეიძის დირექტორობის პერიოდში ქართული კინოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანს უფლება მივცეთ, პოლიტიკური რეპრესიები ატაროს კულტურის სფეროში. ქართული კულტურა არც მას ეკუთვნის და არც ვინმე სხვას. ქართული კულტურა ვითარდებოდა. მან საბჭოთა რეპრესიებსაც გაუძლო, თუმცა დიდი ადამიანური დანაკარგებით და ამ ქალბატონის რეპრესიებსაც გაუძლებს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.