„რა დარღვევაზე მესაუბრებიან და უზურპაციაზე, არ მესმის, ვერაფრით წარმოვიდგინე. აუცილებლად მოიწერონ წერილი“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებას, რომელიც მათ დღეს, 7 აპრილს პარლამენტში გააკეთეს.
ელისო ბოლქვაძის ამ პასუხის შემდეგ კინემატოგრაფისტთა საინიციატივო ჯგუფმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ელისო ბოლქვაძეს წერილით უკვე მიმართეს და 5 აპრილს მისგან პასუხიც მიიღეს.
კინემატოგრაფისტთა წერილი და კულტურის კომიტეტის პასუხი „პუბლიკისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.
რა განცხადებით მიმართეს კინოსექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტს
განცხადებაში, რომელსაც ხელს კინოსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი აწერს, ნათქვამია, რომ ისინი გაკვირვებულები არიან „სამინისტროს მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნით, მისი ინტერპრეტირებითა და ამ ინტერპრეტირების საფუძველზე განხორციელებული ნაჩქარევი ქმედებებით“.
კინემატოგრაფისტები წერენ, რომ, მათი ვარაუდით, აუდიტის დასკვნის მომზადებასა და შეფასებაში არ იყვნენ ჩართული პირები, რომლებიც იცნობენ კინოინდისტრიის სპეციფიკურ თავისებურებებს.
მათი თქმით, გაკვირვებას იწვევს კინოცენტრის დირექტორის პოსტიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლება და მის ნაცვლად მინისტრის მოადგილის 3 წლით დანიშვნა. განცხადების მიხედვით, კინოსფეროს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილებებზე სამინისტროს არგუმენტების მოსმენა და განხილვა.
„ჩვენ არ გამოვდივართ რომელიმე პირის წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად, მაგრამ ჩვენთვის მნიშნელოვანია კინემატოგრაფიის სფეროს რეფორმებში ინდუსტრიის კვალიფიციური და პროფესიონალი პირების ჩართულობა. აგრეთვე მნიშნელოვანია, რომ კინოცენტრის ხელმძღვანელი იყოს ის პირი რომელსაც აქვს სფეროს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. ამ უფლება-მოვალეობებს ცალსახად პირნათლად და პატიოსნად ასრულებდა ბატონი გაგა ჩხაიძე.“, – ნათქვამია განცხადებაში.
კინოსფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდის შედეგზე ორიენტირებულობის და გამჭვირვალობის ხარისხს.
ამავე განცხადებით ისინი სთავაზობენ კულტურის კომიტეტს, დაორგანიზდეს სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა და სამინისტროს სამუშაო შეხვედრა შემდეგი მიზნით:
- კინოინდუსტრიის სფეროს საჭიროებების იდენტიფიცირება
- მოლოდინრეფორმებისა და ხედვების გაზიარება, უკუკავშირის მოსმენაებისა და გეგმების ურთიერთშეჯერება
- სფეროს განვითარეებისათვის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
- საჭირო კინსულტაციების გავლა
განცხადებაში აღწერილია, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელთა ფინანსური წყაროები ქართული ფილმების 97%-ისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, კინოცენტრის სახით მყარი ინსტიტუტის არსებობა.
„ნებისმიერი სისტემური ცვლილება, რომლის შესახებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია და პასუხები, საერთაშორისო ფონდების მხრიდან აღიქმება საფრთხედ და კინოწარმოებისთვის არახელსაყრელ პირობად. ეს ყოველივე კი პირდაპირ აფერხებს კინოწარმოებას […]
… ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით უახლოეს პერიოდში დაორგანიზდეს სამუშაო შეხვედრა, მოისომინოთ ინდუსტრიის საჭიროებები, დავიწყოთ კონსულტაციები და დიალოგი, გამართოთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საკოორდინაციო შეხვეედრები რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ინდუსტრიის მომავლის სწორი განვითარებისათვის. სამწუხაროა, რომ არასდროს მომხდარა ასეთი შეეხვედრის დაორგანიზება, თუმცა ნებისმიერ ეტაპზე ასეთი შეხვედრა შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ პოზიტიურ ნაბიჯად და ინდუსტრიის ინტერესებზე ზრუნვად“, – წერენ ისინი.
რა პასუხი მისწერა კულტურის კომიტეტმა მათ
„საქართველოს დოკუმენტური ფილმის“ დამფუძნებლის, ხელოვნებათმცოდნე ანნა ძიაპშიპასთვის მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს ელისო ბოლქვაძე აწერს, ნათქვამია, რომ კულუტრის კომიტეტი გაეცნო აუდიტის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდა გაგა ჩხეიძე.
„აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით, ამჟამად საკითხს სამართლებრივ ჭრილში განიხილავს პროკურატურა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც აუდიტის ანგარიშში აისახა. კულტურის კომიტეტი მოკლებულია რაიმე საფუძველს, ეჭვი შეიტანოს აუდიტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში“, – ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება კომიტეტის ჩართულობას რეფორმებში, ელისო ბოლქვაძე წერს, რომ კულტურის კომიტეტთან შექმნილია ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგების მოღვაწეთა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც, მრავალ სხვა საკითხთან ერთად, განიხილავს ქართულ კინოში შექმნილ ვითარებას.
„განზრახულია საბჭოსთან ცალკეული სექციების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააღრმავებს პრობლემების შესწავლის მასშტაბებს. სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს, კომიტეტთან ითანამშრომლოთ აღნიშნულ ფორმატში. კულტურის კომიტეტს მიაჩნია, რომ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინირების გზით, ერთობლივად დაიძლევა ის სირთულეები, რომლის წინაშეც დღეს დგას ქართული ეროვნული კინემატოგრაფი“, – ნათქვამია წერილში.
გაგა ჩხეიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან 14 მარტს გაათავისუფლებს. სამინისტროს განცხადებით, გათავისუფლების საფუძველი აუდიტის დასკვნით გამოვლენილი დარღვევები გახდა.
გაგა ჩხეიძე სამართლებრივ დავას იწყებს. ის უფლებადამცველებთან ერთად კულტურის მინისტრის ბრძანების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს 11 აპრილს შეიტანს.