კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თბილისის ძველ სპორტის სასახლეში მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებას ეხმაურება. კულტურის სამინისტრო ძველ სპორტის სასახლესთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს კერძო მეპატრონის გადაწყვეტილება იყო.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია. შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.
რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ კომპანია Biletebi.ge-მ კულტურის სამინისტროს მიმართ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალურ მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დასახელდა.
როგორც კომპანია წერდა, მათთვის დაუჯერებელი იყო, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის რეპუტაციულ ზიანზე. Biletebi.ge-ის განცხადებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები.
მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 15 ოქტომბერს გეგმავდა კონცერტს.
რამდენიმე დღის წინ რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჯგუფის „მაშინა ვერემენის“, ასევე შემსრულებლების მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცეტრების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორებს დაუსახელეს სპორტის სასახლის ტექნიკური შეუსაბამობა მოთხოვნის პირობებთან და სასწრაფო რემონტი.