ჩვენი დაინტერესებაც მეტი იქნება, შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს - მდინარაძე წულუკიანის განცხადებაზე

პუბლიკა

„ამას სჭირდება დეტალური გამორკვევა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებას, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე „ფიზიკურად გაიწია”.

„ამას სჭირდება დეტალური გამორკვევა. უმძიმესი განცხადება იყო. ამას აქვს ორი მიმართულება – მძიმე იყო როგორც ქალის მიმართ დამოკიდებულება, თავდასხმაზეა ფაქტობრივად საუბარი, მეორეა – უწყების ხელმძღვანელის მიმართ, რომელსაც კოორდინირება ევალება ამ ყელაფრის და სპორტის სფეროში გარკვეულ რეფორმებს ატარებს.

ორივე მიმართულებით ძალიან მძიმეა, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამით ჩვენი დაინტერესებაც მეტი იქნება განცხადების მომენტიდან და შესაბამისი რეაგირებებიც უნდა მოჰყვეს…”, – განაცხადა მდინარაძემ.


თეა წულუკიანმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინციდენტი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.

დავით წიკლაური ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არა თეა წულუკიანს, არამედ მის მოადგილეს სოსო გიორგაძეს მიაყენა.