დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება - ოხანაშვილი

პუბლიკა

იურიდულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი დეოლიგარქიზაციის საკითხზე შეხვედრას მართავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე წარადგენენ უკრაინული მოდელის ზუსტ ანალოგს და მოისმენენ სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.

ოხანაშვილის თქმით, ამის შემდეგ კომიტეტი კანონპროექტის დაინიციირების საკითხზე დღესვე იმსჯელებს, რის შემდეგაც დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება. მისი თქმით, კანონპროექტის გარშემო კონსესუსი მნიშვნელოვანია.

„განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა. კომისიამ უნდა წარმოადგინოს დასკვნა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და შემდგომშიც გაგრძელდება ამ საკითხებზე მუშაობა. ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილება და საინტერესო იქნება ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები, ამიტომ საკითხის დაინიციირების შემდეგაც გავაგრძელებთ მსჯელობას.

თუკი ევროპული სტრუქტურების მიერ არის მოწონებული უკრაინის კანონი, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებით ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით, თუმცა თუ ყველა შევთანხმდებით, რომ ამ კანონს აქვს ბევრი ხარვეზი და გიდასტურებთ, რომ ბევრი სამართლებრივი ხარვეზი აქვს უკრაინულ კანონს და ამ პროექტსაც, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ერთად. თუმცა ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შევასრულებთ ამ პუნქტს, ობიექტურ საზომად მივიჩნიეთ ევროპული სტრუქტურების შეფასება უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და ამიტომ ერთი ერთში გადმოვიტანეთ მოდელი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, მისი შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

„ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ვერ გავრცელდება ვერც ფიზიკურად და ვერც ობიექტურად, იმ მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. ამ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგაქრები, რომლებიც  აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებით მიჩნეულ იქნენ ოლიგარქებად“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

მისივე განმარტებით, თუ უკრაინაში ამ სიაში შესაყვან პირებზე პრეზიდენტის ოფისი მუშაობს, რადგან ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, საქართველოში, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკაში, ეს ფუნქცია დაეკისრება პარლამენტს.

„პარლამენტში გამჭვირვალედ, ინკლუზიურად, პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით რაღაცნაირად უნდა მოხდეს საკითხის განხილვა, კრიტერიუმების განხილვა, პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება საკომიტეტო მოსმენაზე, პლენარულ სხდომაზე და ეს უნდა ნახოს საზოგადოებამ, ვინ არიან ეს პირები, რომელბიც უნდა იყვნენ შეყვანილი რეესტრში“, – ამბობს ის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდა.


16 სექტემბერს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს არ დააინიციირებს.

21 სექტემბერს ოპოზიციამ ევროკომისიის 12 პუნქტზე საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

დეოლიგარქზაციის პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მოცემულ პაკეტში გაზიარებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიდგომები დეოლიგარქიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

არასამთავრობო სექტორის წარმოდგენილი გეგმით, დეოლიგარქიზაციისთვის ცალკე კანონპროექტი გათვალისწინებული არ არის.

„12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება“, – ნათქვამია NGO-ების გეგმაში.