კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ – ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, სამსახურში გაცდენილი საათები  აუნაზღაურდებათ.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკატერინე ადამიას თქმით, მოქალაქეებმა აღნიშნულის შესახებ სამინისტროს ელექტრონულად უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.

„მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელების გამო, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას – როგორც თვითიზოლაციას, ისე კარანტინში მოთავსებას. მათ შორის არის ბევრი დასაქმებული ადამიანი, ამიტომ ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დოკუმენტის გაცემა, რათა აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. მათ შეუძლიათ, ელექტრონულად info@moh.gov.ge-ზე მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ მიიღონ ეს ცნობა“, – აცხადებს ეკა ადამია.