სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, სანდრო სულაბერიძის მიერ გამოფენაზე თავისი ნახატის ჩამოხსნა არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.

საიას განცხადებით, შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამოძიების დაწყება არასწორი იყო.

საია მიიჩნევს, რომ სულაბერიძის მიერ თავისი ნამუშევრის ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერის გაკეთება ეროვნულ გალერეაში არ შეიძლება ქურდობად შეფასდეს.

„ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია.

დამატებით, ხაზგასასმელია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლის სამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს. საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი“, – აცხადებს საია.

საიას განცხადებით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. წულუკიანის პოლიტიკის გამო ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან.

ასევე, სულაბერიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართა. საიას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება“, – აცხადებს საია.


„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.

სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

გალერეის დირექტორი მაცაცო გაბუნია მომხდარს „ინფანტილურ მავნებლობად“ აფასებს.

„აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“,- წერს გაბუნია.

გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილმა კი განცხადება გაავრცელა.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.