NGO-ები: დაუშვებელია ხელოვანის მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი გამოძიება

პუბლიკა

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელოვან სანდრო სულაბერიძის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი პოზიციაა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, რადგან დაუშვებელია ხელოვანის მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი გამოძიება.

„შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მსგავსი პერფორმანსები მხოლოდ საჯარო დისკუსიის საგანი ან სამოქალაქო საზოგადოების და კულტურული წრეების განსახილველია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადების მიხედვით, ხელოვანის პერფორმანსი იყო მშვიდობიანი აქტი, აზრის გამოხატვა, რომელსაც არ მიუყენებია ზიანი, არ შეულახავს სხვების უფლებები თუ რეპუტაცია, ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების საფუძველს.

„ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა თავდასხმები კულტურული ინსტიტუტებსა და წრეებზე. გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, ,,ქართული ფილმის“ გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა, თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა ნაწილია იმ პრობლემების, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლო პერიოდში წააწყდნენ. საგანგაშო ცენზურის შემთხვევა იყო სალომე ჯაშის არაფორმალური მმართველის შესახებ დოკუმენტური ფილმის გაუქმება და საქართველოს კინოაკადემიის მიერ მისი ჩვენების აკრძალვა.

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.

ამასთანავე, ევროპის საბჭოს მანიფესტის – ,,ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების“ – მიხედვით „ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან… გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული პროცესების სიცოცხლისუნარიანობაზე.“

გამოხატვის თავისუფლება დაცულია ასევე საქართველოს კონსტიტუციით და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“, რომელიც პროგრესული, ჩვენს რეგიონში უნიკალური და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისი სამართლებრივი აქტია, შესაბამისად მისი აღსრულება პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლის სამართალწარმოება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ზოგადად ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი (ოსლო, ნორვეგია), ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებები საქართველო, საფარი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი (GCRT). ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლებადია. განცხადება და ხელმომწერი ორგანიზაციების შესახებ განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბმულზე.