რატომ მოითხოვდა დაცვის მხარე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილებას | აკოფაშვილის საქმე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის საპროტესტო აქციების საქმეზე ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებულის დაცვის მხარემ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილება მოითხოვა, თუმცა ეს შუამდგომლობა პროცესზე არ დაკმაყოფილდა.

რატომ ითხოვდა დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას? 

„ხვალ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და მოსამართლე დამენიშნა, როგორც ვიცი, რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც ბევრმა კარგად იცის, რომ ისიც კლანის წევრია. მნიშვნელოვანია ამ მოვლენებში ის, რასაც აქამდე ვამბობდი – სასამართლოს მხრიდან არანაირი იმედი არ მექნებოდა და ამ მოსამართლის დანიშვნით ეს დადასტურდა“, – დაწერა გუშინ მარტის აქციების საქმეზე ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა.

სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე დაიწყო. დაცვის მხარემ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა და მიუთითა, რომ არსებობს ეჭვი მის მიკერძოებულობაზე.

ადვოკატმა, თეკო მიგინეიშვილმა აცილების შუამდგომლობის დაყენებისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ თორნიკე აკოფაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ის სხვებთან ერთად მარტის აქციების დროს რუსულ კანონს აპროტესტებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საქმეს მიუკერძოებელი მოსამართლე განიხილავდეს.

ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ 5 აპრილს, როდესაც დასანქცირდნენ მოსამართლეები, მან საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა მათ და სანქციებს ცრუ ბრალდებები უწოდა. ასევე, ადვოკატმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ რომეო ტყეშელაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სოლიდარობის გამო აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა. რომეო ტყეშელაშვილს დაცვის მხარემ რამდენიმე დღის წინ გორში, რესტორანში მოსამართლეების შეკრებაზე დასწრებაც შეახსენა.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თქვა, რომ  შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. თუმცა, მან პროცესზე არ უარყო არც სანქცირებული მოსამართლეების სოლიდარობის ამბავი და ისიც თქვა, რომ აშშ-ში არწასვლასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილებაც ცნობილია. გორში მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ „შეკრებები ისევ იქნება და არ გამოაკლდება“.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა კი 26 ივნისს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.

21 წლის თორნიკე აკოფაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალდების მხარე პოლიციელზე თავდასხმას ედავება.