შაბიამნის ახალი პარტია

პუბლიკა

„პუბლიკა“ გთავაზობთ მსახიობ ნატალია ჯუღელის წერილს, სადაც ავტორი წინაპრების – ნიკოლოზ შენგელაიას, ნატო ვაჩნაძის, ელდარ და არიადნა შენგელაიების – ისტორიების გაზიარებით ეხმაურება დღევანდელობას და შეგვახსენებს რეპრესიულ წარსულს:

მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ყველაზე ეფექტური ხერხი, ამ საკითხზე განუწყვეტელი ლაპარაკია. ფაქტია, საქართველოში საკმარისად არ გვილაპარაკია ადამიანის უფლებებზე, ძალადობაზე, შრომით უფლებებზე, ბუნების/ცხოველთა დაცვაზე, ინკლუზიურობასა და სხვა საკითხებზე. საზღვარგარეთ ვარ და ბევრი თემა ორმაგად მაღელვებს, მაგრამ ახლა ჩემს პროფესიაში არსებულ კრიტიკულ სიტუაციას მინდა გამოვეხმაურო და ვილაპარაკო იმაზე, რაც თურმე ჯერ კიდევ გასაცნობიერებელია.

მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ნამდვილად იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ მეოცე საუკუნის ქართული კინო. საბჭოთა კავშირის დროს უდავოდ შეიქმნა შედევრები და ნამდვილად არსებობდა კინოსისტემა. მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ხანდახან ჩვენი წარსულის გადააზრება გვავიწყდება. ხშირად ისმის, რომ მეოცე საუკუნეში საბჭოთა რეჟიმის დროს ქართული კინო ყვაოდა. მეტიც, ქართულმა კინომ ამ დროს მიაღწია პიკს. თითქოს ის პირობები, რაც მაშინ იყო შექმნილი, კარგი კინოს შექმნის საფუძველი იყო. ვფიქრობ, საკითხი უნდა შევატრიალოთ და საკმარისზე მეტჯერ დავსვათ კითხვა: რა იქნებოდა ქართული კინო საბჭოთა კავშირის ცენზურის გარეშე? იქნებ უკეთესი ყოფილიყო? ნუთუ არ გიფიქრიათ ამაზე? თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წნეხის შედეგად აღწევდნენ ადამიანები სასურველს?

პირადად ჩემთვის მცდარია ის მოსაზრება, რომ ეგ წიაღი რეჟისორებს კარგ პირობებს უქმნიდა შემოქმედებისთვის და ეს ხალხი იმ სტრესულ და რეპრესირებულ გარემოში თავიდან ბოლომდე ახერხებდა რეალიზებას. აღიარებული ფილმის ყურებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ შეზღუდულ გარემოში, ჩარჩოში შექმნილ შემოქმედებას ვუყურებთ და არა ამ რეჟისორების შესაძლებლობების მაქსიმუმს. ვფიქრობ, რომ გადააზრება არათუ დროული, დაგვიანებულიც კია. ამის მაგალითად ასობით რეპრესირებული ხელოვანის და ჩემი ოჯახის წევრების მოყვანა შემიძლია.

ისტორიას მხოლოდ წარმატებული ფილმები ქმნიან, რომლის მიმართაც მეც ხშირად გამოვხატავ აღტაცებას. მაგრამ იცით, რამდენი ფილმი და რამდენი სცენარი შემოიდო თაროზე და დარჩა განუხორციელებელი? ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ ამავე სიხშირით?

ნოსტალგიისა და აღტაცების მიღმა ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ ის მოცემული გარემოებები, რომლებშიც მაშინდელ ხელოვანებს უწევდათ მუშაობა. და საკმარისი ფიქრის შემდეგ, ამ ტერორს რომ ჩავწვდებით, იქნებ მივხვდეთ, რომ არ შეიძლება ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევიგრძნოთ.

პირადად მე, გამონაკლისების გარდა, არ შემხვედრია საბჭოთა ხელოვანი, რომელიც რაც არ უნდა წარმატებული და კმაყოფილი ყოფილიყო შემოქმედებით, რაღაც ძალიან დიდი სევდა არ ეტარებინა. წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია ეხარჯებოდათ მალვასა და ბრძოლაში, რამხელა რესურსს ხარჯავდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი სისტემასთან შესაბამისობაში მოეყვანათ, რომელიც მათ შემოქმედებას აკლდებოდა. ალბათ საკმარისად არ ვილაპარაკეთ საბჭოთა ტერორზე, სხვა შემთხვევაში ცნობიერება ამაღლდებოდა. სწორედ ამიტომ, მეც გადავწყვიტე, ვრცლად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს.

როდესაც ვლაპარაკობთ ნიკოლოზ შენგელაიაზე, შემდგარ რეჟისორზე, ნოვატორსა და ბობოქარ პოეტზე, ზუსტად იქვეა ადამიანი, რომელიც მუდმივ სტრესში ატარებდა ცხოვრებას. მისი ფილმები („ელისო“ და „26 კომისარი“) აკრძალული იყო როგორც ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო მეორე სიცოცხლე.

ის განუწყვეტელ წნეხში იყო და, აღიარების მიუხედავად, ადვილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. ჩემთვის ამ ორი სახეს, შემდგარ რეჟისორ – ნიკოლოზ შენგელაიას და საბჭოთა ცენზურის პრესში მყოფ – ნიკოლოზ შენგელაიას – სინამდვილეში ერთნაირი წონა აქვს. ცენზურის გამო ნიკოლოზ შენგელაიას განუხორციელებელი ჩანაფიქრები არ არის ჩემთვის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე განხორციელებული ფილმები. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ნიკოლოზ შენგელაიაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის კაცი, რომელიც 41 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა და როდესაც მის ნოვატორულ მონტაჟზე ვილაპარაკებთ, შევეცადოთ ზუსტად იგივე დრო დავუთმოთ მისი ცხოვრების განუწყვეტელ განცდებს; მხოლოდ ბევრი გამეორებით დავინახავთ ისტორიის რეალურ სახეს.

ნატო ვაჩნაძის ხსენებაზე, ქართველები თუ საქართველოს პირველ კინოვარსკვლავს წარმოიდგენენ, მე ვხედავ ქალს, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, რომელსაც გადაუსახლეს და, შვილივით მიიღო დისშვილი და გაზარდა სამ შვილთან ერთად. ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა იმისთვის, რომ სასიცოცხლო პირობები შეექმნა გარშემომყოფებისთვის. ნატო 49 წლის ასაკში დაიღუპა. გადახედეთ მის უკანასკნელ სურათებს და აუცილებლად დამეთანხმებით, რომ სახეზე ეტყობა, ვარსკვლავური ცხოვრება არასდროს ჰქონია და ბევრი ამბავი, რომელსაც დღემდე ატრიალებს ყვითელი პრესა, მართლაც რომ მხოლოდ მითია ვარსკვლავზე.

არაფერს ვამბობ კირა ანდრონიკაშვილზე გადასახლებამდე და გადასახლების შემდეგ, ან თუნდაც არიადნაზე, რომელიც 19 წლის ასაკში მაგადანში მარტო წავიდა, რომ პირველად ენახა გადასახლებული, ხალხის მტერი – მამა.

მახსენდება ნელი ნენოვას და გენო წულაიას ფილმი „დრო იწურება განთიადისას’’, რომელიც სამი წლის წინ აღმოვაჩინეთ და გაგა ჩხეიძის დახმარებით არქივის კინოთეატრში ვაჩვენეთ. ეს ფილმი რეჟისორებს საბჭოთა კომისიამ აბსოლუტურად ტრივიალური მიზეზების გამო გადააკეთებინა და ჩვენამდე ფაქტობრივად დაუსრულებელი მოვიდა, მაგრამ ამ ფილმის ხასიათი არის ფანტასტიკური მაგალითი იმისა, კიდევ რამდენნაირი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული კინომემკვიდრეობა, რომ არა საბჭოთა ცენზურა. ფილმის მოქმედება ამერიკაში ვითარდება და სწორედ ამერიკულობის გამო ფილმის ჩვენებები სულ ცოტა ხანს გაგრძელდა. ასევე, ცენზორების თქმით, ამერიკულ ცხოვრებას კეთილი ფინალი არ უნდა ჰქონოდა (ეს ხომ არ გეცნობათ დღესაც?). როგორც რეჟისორების შვილისგან ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე ფირი დამწვარი ეგონათ და ამ ფილმის ბედს განიცდიდნენ ავტორები. ზუსტად იგივე ისტორიული მნიშვნელობა და წონა აქვს ამ ხალხის განუხორციელებელ პროექტებსა და განცდებს, ისევე როგორც მათ შემდგარ შემოქმედებას. უამრავ ტრაგიკულ ამბავს ინახავს საქართველოში მოღვაწე ხელოვანების ისტორია, რომელიც პირიქით ჩვენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო.

საბჭოთა კავშირის მარწუხები, რა თქმა უნდა, მომავალ თაობასაც შეეხო და რადგან ელდარ შენგელაია ბევრ ინტერვიუში ჰყვება, როგორ უწევდა ორიგინალური კადრების გადამალვა და დაცვა განადგურებისგან (მაგალითად „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“), ამით არ მოგაწყენთ.

გირჩევთ ნახოთ იუთუბზე შემონახული არქივი, 1995 წლის გადაცემაში განიხილავენ გადაცემა „სარკმელის’’ დახურვას. ელდარ შენგელაია ახსენებს მისი ინიციატივით კონსტიტუციაში შესულ მუხლს და ამბობს, რომ ხელოვნებაში ყოველგვარი ცენზურა დაუშვებელია.


გადაცემა სრულადაა ხელმისაწვდომი, ამიტომ მე მხოლოდ ერთ ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას: მიმდინარეობს მსჯელობა ფასბინდერის ფილმზე, რომელიც მონაწილეთა ნაწილს არ უნახავს და ელდარი ძალიან გასაგებად ხსნის, რომ შემოქმედება ყოველთვის უნდა შეფასდეს მისი შეცნობის შემდეგ, კინოს შემთხვევაში – ფილმის ნახვის შემდეგ. შეგვიძლია, ვნახოთ ფილმი და ვიმსჯელოთ ამ ფილმის ავკარგიანობაზე, მაგრამ არანაირი უფლება არ გვაქვს ავკრძალოთ ფილმის ჩვენება, ან ვინმეს მივუთითოთ, როგორ გამოხატოს საკუთარი თავი ან გადაიღოს ფილმი. როგორი რელევანტური და ნაცნობია ეს დიალოგი ახლა, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ კინოს სახლში სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმეს. არგუმენტად ითქვა, რომ ფილმი, რომელიც ჯერ არავის ენახა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, რასაც თავისთავად უნდა იწვევდეს ნებისმიერი შემოქმედება.

კინო და ნებისმიერი სახის შემოქმედება თავისი არსით დამოუკიდებელია. დამოუკიდებლობის შეზღუდვითა და თვითგამოხატვაში ჩარევით მხოლოდ ისტორია გამეორდება და ეს ის ისტორიაა, რომლის გამეორებაც არ უნდა დავუშვათ. ჩვენი წარსულის მქონე ქვეყანაში, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც დემოკრატია და თავისუფლება პრიორიტეტია, მსგავსი პრეცედენტები არ უნდა ხდებოდეს და ასმაგად უნდა გვქონდეს გააზრებული წინა საუკუნის ტრავმები. საგანგაშოა მთავრობის რიგითი წევრების განცხადებები, რომლებიც აშკარა ზეწოლით ცდილობენ, იმოქმედონ საზოგადოებრივ აზრზე – რა ტიპის შემოქმედება უნდა იყოს მისაღები და რა არა.

ბოლო წლებია, ქართულ ფილმებს სულ ვხედავთ ა კლასის კინოფესტივალებზე, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ამბავია და იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან – ალექსანდრე კობერიძე, ელენე ნავერიანი, დეა კულუმბეგაშვილი, სოსო ბლიაძე, ანნა ძიაპშიპა, დღეს ვხედავთ აგორებულ კამპანიას, თითქოს ქართული კინო გაჩერებულია. სინამდვილეში, მოქმედი კინემატოგრაფისტები, რომელთა მნიშვნელობის დაკნინების მცდელობასაც ვისმენთ, ჩვენი კინომემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები არიან და ამას ადასტურებს კინოცენტრის დახურულ კართან ჩართული მუსიკა ფილმიდან „ცისფერი მთები“. აშკარაა, ამ ახალგაზრდებს უკეთ ესმით კინომემკვიდრეობის შიგნით დამალული გზავნილები, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს.

უდავოა, დახურულ კარს მიღმა მიღებული ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ლეგიტიმური. ამიტომ, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ მომავალს.

გივი, ჩვენ ვართ, გივი..