პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცა

პუბლიკა

პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. დღეს სესიაზე ქადაგიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას 10 წლის ვადით დაიკავებს. ქადაგიძე ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო. 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ქადაგიძე 10 მარტს შეარჩია.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. საზოგადოებისა და დეპუტატთა ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ კანდიდატმა, სიის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტს მიმართა, არ განეხილათ მათი კანდიდატურები.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.

გაეცანით „ფორნდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურას ნინო ქადაგიძის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდანაა, მას შემდეგ, რაც ის ნინო გვენეტაძემ დატოვა.