ტყიბულელმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

პუბლიკა

ტყიბულელი მეშახტეები პროტესტს წყვეტენ. ისინი კვლავ იმ სავენტილაციო გვირაბის გავლით იმუშავებენ, სადაც რამდენიმე დღის წინ 5 მეშახტე მოიწამლა. ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, კომპანია Coal of Georgia იღებს პასუხისმგებლობას, რომ მეშახტეების მოთხოვნების ნაწილს დააკმაყოფილებს.

„პუბლიკასთან“ EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი ამბობს, რომ კომპანია და მეშახტეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი იძულებით მოცდენილ დღეებს აანაზღაურებს.

„პირობები არ შეცვლილა, ისევ იმ გვირაბით მოუწევთ გადაადგილება. ტყიბულში ჩასული იყო შრომის ინსპექციაც, გააკეთა ინსპექტირება, ესაუბრა მოწამლულებს და ველოდებით პასუხს შრომის ინსპექციისგან“, – აცხადებს კოტე ერისთავი.


ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები რამდენიმე დღის განმავლობაში უარს აცხადებდნენ საფრთხისშემცველი სამუშაოს შესრულებაზე მანამ, სანამ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სავენტილაციო გვირაბში გადაადგილებისას მხუთავი აირით 5 მეშახტე მოიწამლა.