ხარისხიანი ლაბორატორიული სერვისების მნიშვნელობა პაციენტების ცხოვრებაში

პუბლიკა

აღწერილი ისტორია შეთხზულია, თუმცა ის არის მოდელირება სინამდვილისა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.

„დილით ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივმა გამაღვიძა. საათს დავხედე და 8 საათი იყო. 10 საათზე კლინიკაში უნდა ვყოფილიყავი. სიხარულით წამოვხტი, სარკეში კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ჩემს ჩამოწეულ სახის კანს და გავიფიქრე დღეს ხომ ჩემი გალამაზების დღეა; ნახვამდის სიბერევ. მაგარია, ბოლო-ბოლო სახის ოვალის კორექციას აპტოსის ძაფებით ვიკეთებ. 

9:45-ზე პლასტიკური ქირურგიის ცენტრში, ექიმის კაბინეტის წინ ვიყავი. სახის ოვალის კორექციამდე,  როგორც გაიდლაინი ითვალისწინებს, სხვადასხვა ანალიზი ჩავაბარე, მათ შორის ინფექციურ დაავადებებსა და ვირუსებზე. 

ლაბორატორიულ კვლევებს, პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ ყოველთვის ვიკეთებ. სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს,  სისხლში გლუკოზის შემცველობას, თუმცა ინფექციურ დაავადებებსა და ვირუსულ ინფექციებზე მშობიარობის შემდეგ, სადღაც 18 წელია, არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ ჩამიტარებია“. ჰყვება ანა, 51 წლის.

ანას ექიმმა უთხრა, რომ მას სწრაფი რეაგირების C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ტესტით, C ჰეპატიტი ჰქონდა, რაც სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩდა ანასთვის. მან ტირილი დაიწყო და სასოწარკვეთას მიეცა. ექიმმა ანუგეშა და პაციენტს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერია, ვინაიდან საქართველოში C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რასაც თითქმის 99%-ში დადებითი შედეგი აქვს. 

ანას  სახის კორექცია არ გადაუდია და პროცედურისთვის მოემზადა. მეგობართან ერთად იჯდა და განიხილავდა ჰეპატიტის მკურნალობის გეგმას, როდესაც ექთანი მის საოპერაციოში გასაყვანად შევიდა და უთხრა, რომ ძალზედ წუხდა მისი C ჰეპატიტის დიაგნოზის გამო, რითაც დაარღვია კანონი პაციენტის უფლებების შესახებ და სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობის ყველაზე უმთავრესი პრინციპი კონფიდენციალურობა.

ანა, რომელიც ერთი წელი ემზადებოდა სახის ოვალის კორექციისთვის და ოცნებაც აიხდინა, სიხარულის ნაცვლად დღეებს ტირილში ატარებდა, სამსახურში შვებულება გაიგრძელა და, ფაქტობრივად, სახლიდან არ გადიოდა.

C ჰეპატიტი ვრცელდება სისხლის მეშვეობით. ინფექციის გავრცელების ძირითად გზებს წარმოადგენს ინიექციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება და შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა;

მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი;

საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი, რომელთაგან დიდმა ნაწილმა არ იცის თავისი დაავადების შესახებ;

ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია დაავადებულთა 95%-ზე მეტის სრულად განკურნება და, შედეგად, ღვიძლის ციროზითა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ტვირთის შემცირება;

„შევედი სხვადასხვა ფორუმზე, სადაც ადამიანები არასწორ დიაგნოსტიკასა და სამედიცინო შეცდომებზე წერდნენ. გადავწყვიტე მაღალი სანდოობის ლაბორატორიაში ჩემი C ჰეპატიტის არსებობა-არარსებობა გადამემოწმებინა“, გვიყვება პაციენტი ანა.

გადამოწმებისას ანას C ჰეპატიტი არ დადასტურდა, რაც შემდეგ კიდევ 2 ლაბორატორიაში გადამოწმდა.  

რა მოხდა პლასტიკური ქირურგიის ცენტრში? მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანას შეცდომით სხვა პაციენტის პასუხი უთხრეს, რამაც მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, დაარღვია ანას, როგორც პაციენტის, უფლება, რამაც მას მორალური ზიანი მიაყენა. ასევე, დამატებითი კვლევები მისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი იყო. ანამ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იურისტს მიმართა და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. სხდომის ჩანიშვნას ის ამ დრომდე ელოდება“.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ ახორციელებს  პროექტს „სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და USAID აფინანსებს.

პროექტის მიზანია ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის გარე კონტროლი და  შედეგებზე დაყრდნობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება.

იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი ისტორიები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს,   საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის ლაბორატორიული სერვისების შესახებ, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეამცირებს არასწორ/არასაჭირო დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტვირთს პაციენტებისა და მომსახურების სხვა შემსყიდველებისათვის.  

ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება აუმჯობესებს: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსს და ამცირებს არასაჭირო დანახარჯს. სანდო და სწორი ლაბორატორიული კვლევა მნიშვნელოვანი საფუძველია პაციენტის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რაციონალური ტაქტიკის განსაზღვრისათვის.

 


სტატია მოამზადა ააიპ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ . ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.