ნანა მალაშხია ახალგაზრდებს: თქვენ უნდა გვატაროთ თავისუფალი საქართველოს გზაზე

პუბლიკა

2023 წლის მარტის აქციების 1 წლისთავზე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს და „ბრძოლის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის“ მადლობას უხდის.

„რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა.

თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს თავისუფლებასა და მომავალს ემუქრებოდა და ამაზე გქონდათ სრულიად სწორი და ადეკვატური პასუხი. […] თქვენ უნდა გვატაროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს გზაზე”. – წერს ნანა მალაშხია.

თავის მიმართვაში ნანა მალაშხია ხაზს უსვამს ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობას.

„ერთი წელი გადის მას მერე, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ „სატანისტურ ფორმებში გამოწყობილები, ორიენტაცია არეულები” გიწოდათ, მერე კი თქვენი თანატოლი, ლაზარე გრიგორიადისი შეარჩია თავის სასურველ კანდიდატად და დაიჭირა. ერთი წელი გადის, რაც მას ბრალს ვერ უმტკიცებენ და ის დღეს ისევ ციხეშია! მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! #თავისუფლებალაზარეს!”.

მიმართვაში ნანა მალაშხია აღნიშნავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც და ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„თქვენი ჩართულობა ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში. ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და უნდა დავასრულოთ არა მარტო საარჩევნო ყუთებთან მისვლით, არამედ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი ხმების დაცვითაც!

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !

შინ ევროპისკენ!”.- წერს ნანა მალაშხია.