გააზრებული და გაუაზრებელი პოლიცია

პუბლიკა

გიორგი მელაძის ბლოგი

მოკლე წერილში ყველაფერზე: პროტესტის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მონაწილეებზე, ჟურნალისტებზე, დინამიკაზე, პროცესის ძლიერ და სუსტ მხარეებზე… ერთბაშად ვერ დაწერ. ამ წერილისთვის ერთი  მონაწილე და რამდენიმე ტერმინის დეფინიცია ავირჩიე და იმედს  ვიტოვებ, რომ ტექსტი პროტესტის მონაწილეებს დაგეგმვის პროცესს გაუადვილებს.

ჯერ ტერმინებზე ვთქვათ. თანდათანობით მეტმა გაიგო და პოპულარული გახდა სამი ტერმინი: წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, არათანამშრომლობა. სამივე მნიშვნელოვანი ტერმინია. პირველი ნიშნავს შერკინებას, კონფრონტაციას, როცა გადაწყვიტე, რომ ოპონენტი არ არის მართალი და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უფლება არ უნდა მისცე. წინააღმდეგობის პროცესი რთული პროცესია, შეიძლება დროშიც გაიწელოს და ბევრ გონიერებასა და რესურსს მოითხოვს. დღეს ჩვენ უკვე ერთად ვართ ამ პროცესში. იყო დრო, როცა დასავლური იდეის მხარდამჭერი ჯგუფების ერთი ნაწილი წინააღმდეგობას უწევდა მთავრობას, მეორენი – თანამშრომლობას ცდილობდნენ. დღეს ეს ეტაპი გადალახულია და ძალიანაც კარგი.  წინააღმდეგობა შეიძლება გაწიო ორი ფორმით: დაუმორჩილებლობა და არათანამშრომლობა.

დაუმორჩილებლობა მითითებების შესრულებაზე უარის თქმას ნიშნავს და პროტესტის მონაწილეები ამას აკეთებენ უკვე ერთი თვეა.  მთავრობა ჩაატარებს პრესკონფერენციას და გასცემს ბრძანებას, არ დაიკეტოს ქუჩა. აქტივისტები მაშინვე ქუჩას კეტავენ. ესაა დაუმორჩილებლობა.

არათანამშრომლობაა, როცა შენზე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებ. არ ასრულებ, რადგან არ გინდა მოქმედი მთავრობის გაძლიერება. გაფიცვა ამის კარგი მაგალითია.

ახლა მონაწილეებზეც ვთქვათ. ფეისბუქზე რამდენიმე ფოტოს წავაწყდი, სადაც  ავტორი ფერების კონტრასტს გვიჩვენებს. ერთ მხარეს დგანან შავებში გამოწყობილი პოლიციელები. მეორე მხარეს არიან ფერად საწვიმრებში ჩაცმული აქტივისტები. შეცდომას ვუშვებთ  და ახლა შეცდომების უფლება აღარ გვაქვს. ვერ ვაფასებთ პოლიციას და მის შესაძლებლობებს.

პოლიციურ ქართულ სახელმწიფოს ჩამოშლაში პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიციამ უნდა ჩამოშალოს ბოროტება, რომელიც მანვე შექმნა. ვინმეს სჯერა თუ არა, არ არის გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია გონივრული მსჯელობა და ვცადოთ, ვიმსჯელოთ.

პოლიცია ყველაზე მრავალრიცხოვანი ინსტიტუციაა. ყველას, უკლებლივ  ყველას ჰყავს პოლიციელი ოჯახის წევრი (მოქმედი ან ყოფილი) ან ახლო ნათესავი. პოლიციელები იყოფიან სამსახურებად, დეპარტამენტებად და რთული შიდა სტრუქტურა აქვთ. პოლიციაშია დიდი უნდობლობაც, ერთმანეთის გატანის სურვილიც, ერთმანეთის მიუღებლობაც, პროფესიული სოლიდარობაც, კრიმინალიც, ძალადობაც და სახელმწიფოსა და საერთო საქმის მხარდაჭერის სურვილიც.

პროტესტის მხარეს უნდა ესმოდეთ, ეს მრავალფეროვნება და უნდა ვცადოთ, მოვძებნოთ კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომლებიც პოლიციას აქტივიზმის ნაწილად აქცევს. ნუ ვიფიქრებთ, რომ პოლიციელები მიტინგებზე დაიწყებენ სიარულს. არა. სხვა რამ გვჭირდება მათგან. მათგან გვჭირდება რუსეთის აგენტების ლუსტრაცია. მათგან გვჭირდება კორუმპირებული ჩინოვნიკების ლუსტრაცია. მათგან გვჭირდება მოძალადე პოლიციელების ლუსტრაცია. ესაა პოლიციის პროტესტი და ეს ხმა უკვე გვესმის, ამ პროტესტს უკვე ვხედავთ.

რატომ დავიწყე ტერმინებით. წინააღმდეგობას ვაჩვენებთ ყველა, მაგრამ ნამდვილი დაუმორჩილებლობა და არათანამშრომლობა პოლიციელებმა უნდა შეასრულონ. ეგ გადატეხს ამ რეჟიმს და თავიდან აგვაცილებს გრძელვადიან ავტორიტარიზმს. მხოლოდ სანქციები, მხოლოდ სამოქალაქო წინააღმდეგობა არ ეყოფა ამ გაქსუებულ ვირთაგვებს. ფეხქვეშ მიწა უნდა გამოეცალოთ და ეგ პოლიციას შეუძლია. ამიტომ, არ ვემხრობი პოლიციელებისთვის მონის ძახილს. ამიტომ ვუჭერ მხარს mona.ge-ს. ცუდი უნდა გამოვარჩიოთ სათითაოდ და დასაბუთებულად.

სამოქალაქო პროტესტის ეფექტურობა იმითაც იზომება, რამდენი ბურჯი მოურყია ავტორიტარიზმს. ჩვენ თუ პოლიციის გახლეჩას შევძლებთ და ძალაუფლების ამ ბურჯს მოვარყევთ, რეჟიმი დაემხობა. რეჟიმის დამხობა კი ყველასთვის შვება იქნება, იმ პოლიციელებისთვისაც, ვინც ახლა მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ნუ იფიქრებთ, რომ ეს შეუძლებელი ამბავია. ბურჯი უკვე შეირყა და რამდენიმე სწორი ნაბიჯით იმდენად მოირყევა, რომ სისტემა საერთოდ დაკარგავს მოქმედების უნარს.

პარლამენტის დადუღებულ კარს შეხედეთ. ერთ რამეს ნიშნავს კარის ასე დადუღება – ადამიანს აღარ ანდობენ კარის დაცვას. უსაფრთხოების განცდა ქოცებს აღარ აქვთ და 67-წამიანი საკომიტეტო მოსმენაც ამის მაგალითია. ვილაპარაკოთ ნათესავებთან, ახლობლებთან. თითოეული პოლიციელის ხმა მნიშვნელოვანია. რაც  შეიძლება მეტი უნდა გადმოვიბიროთ ნათელ მხარეს.