გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი სასამართლოს წინაშე წარდგა. გორის რაიონული სასამართლო მისი ჩხრეკის კანონიერების შესახებ მსჯელობს.
ოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.
იოსებ ბაბაევი თავის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებს და მას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
როგორც აქტივისტმა სასამართლო პროცესზე თქვა, მას იარაღი ჩაუდეს, დაკავების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის კვალი ბაბაევს სახეზეც ეტყობა.
„ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვარ და რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი მალე დამთავრდება.
ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა მეტსახელად „ტლაპო“ შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო ადრე, შეჩვეულია ჩადებებს, ხალხის ასე გაუბედურებაშია გაზრდილი და იმ ღამეს რაც გააკეთეს ამ „სამართალდამცავებმა“, ყველაფერი არის აღბეჭდილი მათივე ტელეფონებში. ნაცემს როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ, ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოდ და უგზავნიდნენ ხელმძღვანელ „ტლაპოს“… რომ არ მივეცი ჩემი ნებით ეს ტანსაცმელი და გაბრაზდნენ, ძალით შემომახიეს, განყოფილებაში, საცვალიც კი შემომახიეს. შიშველ ადამიანს მეუბნებოდნენ, იყავი ეხლა ეგრეო”. – თქვა იოსებ ბაბაევმა სასამართლო პროცესზე.