იოსებ ბაბაევს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

პუბლიკა

გორელ აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის უკვე მივიდა გორის სამხარეო პოლიციაში.

იოსებ ბაბაევი და მისი ადვოკატები დღეს მის დაკავებას არ გამორიცხავენ.

„საქართველოში იარაღის ჩადება, ნარკოტიკების ჩადება, გარეწრული პოლიცია და მილიცია უნდა დამთავრდეს. ამით ვერ გაგვაჩუმებენ [..] ალბათ დამაკავებენ, იმიტომ, რომ ამათგან სხვა არაფერს არ ველოდები, ეს არის ბოროტი სისტემა, მოძალადე სისტემა. სავარაუდოდ შურისძიების მიზნით, კიდევ აგრძელებენ რეპრესიებს და კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”. – ამბობს იოსებ ბაბაევი.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

6 ივნისს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.

კერძოდ, მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ სერგო ბაბაევის მანქანის და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა.

14 ივნისს ლევან დარბაიძის ეს გადაწყვეტილება შეცვალა ნაწილობრივ დავით ახალბედაშვილმა. მან კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი.

შესაბამისად, პროკურატურას ბრალის ხელახლა წარდგენის საშუალება მიეცა.

იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.

დაკავების შემდეგ ბაბაევი ნაცემი იყო და კვალი მას ფიზიკურადაც აღენიშნებოდა.