პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და ამაზრზენს“ უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

„რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისთვის აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი.

„ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ”. – ამბობს პაპუაშვილი.

მისთვის ასევე მიუღებელი და „სამარცხვინოა“ რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამაზრზენი და სკანდალურია „საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები“.

„ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზეგავლენის მცდელობაა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.

[…] მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.