თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია — იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით დააკავეს 1 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოში, „ჯეოჰოსპიტალში“ მოათავსეს.

ის შემდეგ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რიჟვაძის მგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

„ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, – აცხადებს უწყება.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ალექსი ახვლედიანია, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი.