„ქართული ოცნების” მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში, „სუვერენულ ერთა ევროპამ” (ESN) დააინიციირა შესწორება ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების” იმ გადაწყვეტილების აღიარება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა.
შესწორების თანახმად, რეზოლუციის ტექსტში უნდა ჩაიწეროს, რომ:
„ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას”.
„ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულება საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე; პატივს სცემს საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადაფასებას, რათა დაიცვას თავისი კონსტიტუციური წესრიგი და ეროვნული ინტერესები”.
გარდა ამისა, ESN-ის წევრების მიერ ინიციირებულ შესწორებებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა უნდა აღიაროს 2024 წლის 26 ოტომბრის არჩევნების შედეგები, როგორც „ქართველი ხალხის ნების გამოხატულება”.
ESN-ის სახელით წარდგენილი შესწორების ავტორები არიან სლოვაკი ევროპარლამენტარი მილან უჰრიკი ულტრამემარჯვენე „რესპუბლიკის მოძრაობიდან“, სარა კნაფო ფრანგული პარტიიდან „Reconquête“ და ალექსანდრ სელი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ESN 25 წევრისგან შედგება და მცირე პოლიტიკური ჯგუფია.
გუშინ, 8 ივლისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც რეზოლუციის ინიციატორია, განაცხადა, რომ ზემოთხსენებულ ცვლილებებს ევროპარლამენტი მხარს არ დაუჭერს.
სხვა ევროპარლამენტარების მიერ ინიციირებულია სხვა შესწორებებიც.
რეზოლუციაში, რომლის კენჭისყრაც დღეს, 9 ივლისს გაიმართება, ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.
ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარება მხოლოდ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, პოლიტიკოსების გათავისუფლება.
რეზოლუციის ტექსტში მოთხოვნილია სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და კომპანიების, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების და იმ პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ცესკოს, ასევე, მედიებს და ბიზნესებს და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე.
დოკუმენტით ევროპარლამენტი მოუწოდებს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, მონაწილეობა მიიღოს 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში, ხოლო „ოცნებას“ მოუწოდებს, „მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში“.
დოკუმენტში ასევე დაგმობილია რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და მოთხოვნილია მათი გაუქმება, ასევე დაგმობილია საქართველოს პრორუსული და პროჩინური საგარეო პოლიტიკა.
რეზოლუციის ტექსტში უარყოფითად არის შეფასებული თეა წულუკიანის „საგამოძიებო კომისია“ და აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების დევნას.