უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „ქართული ოცნების” კამპანიას თვითმმართველობის არჩევნების წინ – „ოცნება” ახლაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის ნაცვლად, იყენებს უკრაინაში რუსეთის ომის კადრებს. „ოცნების” ვიდეოში ნაჩვენებია რუსული არმიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა; გვერდით კი მაყურებელი ხედავს საქართველოს კადრებს – გარემონტებული ფასადებით, პარკებითა და გზებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს:
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ არამეგობრულ ქმედებაზე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებშიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელი შედეგებია ასახული.
ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
უხერხულია, თუ როგორ ემორჩილება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად თანდაყოლილია ქართველი ერისთვის და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ჩვენ ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლების პარტიის პოლიტტექნოლოგებს, იყვნენ გულახდილი საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსული სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარი. ეს სიმართლე იქნება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა.
ამავდროულად, უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს მეგობარი საქართველოს ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”.