კალასი: უკრაინული ტერიტორიების დათმობა რუსეთის მიერ ჩვენთვის დაგებული ხაფანგია 

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიების დათობა რუსეთის მიერ დასავლეთისთვის დაგებული ხაფანგია.

„ეს სწორედ ის ხაფანგია, რომელიც ჩვენთვის რუსეთმა დააგო. მთელი მოლაპარაკება არის იმის შესახებ, თუ რა უნდა გასცეს უკრაინამ, რა დათმობებზე წასასვლელად არის მზად უკრაინა? ამ დროს გვავიწყდება, რომ რუსეთი არც ერთ დათმობაზე არ წავიდა. თუ ჩვენ ამ ხაფანგს წამოვეგებით, თუ დათმობებზე წასასვლელად უკრაინაზე მოვახდენთ ზეწოლას, ასეთი სიტუაცია განმეორდება, ვინაიდან ამით აგრესია დაჯილდოვდება”. – განაცხადა კაია კალასმა.

მისივე თქმით, ალასკის სამიტიდან ვლადიმირ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა – ის პატივით მიიღეს და არც სანქციები დაუწესებია მისთვის თეთრმა სახლს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებაც ისაუბრა.

„უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია ძლიერი უკრაინული არმიაა”. – განაცხადა კაია კალასმა.

დასავლური მედიების ცნობით, 15 აგვისტოს ალასკის სამიტზე პუტინმა დონალდ ტრამპს გადასცა წინადადება, რომ: უკრაინამ სრულად დათმოს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონები, სანაცვლოდ კი რუსეთი გაყინავს კონფლიქტს ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონებში.

პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.