სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა „არსებული სტრუქტურით აღარ გაგრძელდება“

პუბლიკა

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 91 მლნ ლარით მცირდება და საბოლოო ბიუჯეტი 21.6 მილიონი იქნება.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროგრამას 4-წლიანი ციკლი შეუსრულდა და „მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით“.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა, მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“, – წერს სამინისტრო განმარტებით ბარათში.

ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების მუხლში ნათქვამია, რომ „გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, შემუშავდება უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევა და მისი დანერგვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა. მუშაობა გაგრძელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების დასაახლოებლად საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან“.

დოკუმენტში გაწერილი არ არის, როდის შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.


საზოგადოებრივ სამუშაოზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

სოციალურად დაუცველებს სახელმწიფომ საჯარო სამსახურში დასაქმება შესთავაზა – ხელფასი 300 ლარია, პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სოციალური შემწეობა შენარჩუნებული აქვს.

საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. დასაქმებულები სხვადასხვა ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს: დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საზოგადოებრივ სამუშაოებზე სახელმწიფომ 39 707 სოციალურად დაუცველი დაასაქმა.