პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება სპეცდანიშნულების რაზმის იმ თანამშრომლის ბოლოდროინდელ დაკავებას, რომელსაც ბრალად ედება ქართველ ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობრივი თავდასხმა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება.
IPI ხაზს უსვამს, რომ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საჯაროდ მოახდინა პოლიციელის იდენტიფიცირება – გამოძიება არ მომხდარა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შიდა მოკვლევის შედეგად.
„ეს დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული მცირე ნაბიჯია, არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საერთო სურათს, სადაც პოლიციისა თუ სხვა სამოქალაქო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება“, – წერს IPI.
გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.
5 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.
გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.
გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.
სიუჟეტის შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ელისო ჯარიაშვილი – 6 მაისს, და – გურამ როგავა – 7 მაისს.
7 მაისის საღამოს საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე.
იმავე დღეს დააკავეს კიდევ 4 პოლიციელი, რომლებმაც იძალადეს ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე. არც ერთი დაკავებულის ინიციალები არ ემთხვევა იმ პირისას, ვის შესახებაც „ფორმულას“ რეპორტაჟში იყო საუბარი.
IPI მიუთითებს, რომ „ფორმულას“ რეპორტაჟამდე როგავას საქმე, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციის, კერძო პირების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების უმეტესობა ჯეროვნად არ იყო გამოძიებული.
ეს არის პირველი შემთხვევა 2024 წლის ფართომასშტაბიანი პროტესტის დაწყების შემდეგ, როდესაც პოლიციელი ჟურნალისტზე თავდასხმისთვის დააკავეს.
IPI-ს მოჰყავს Mapping Media Freedom-ის პლატფორმისა და Media Freedom Rapid Response-ის (MFRR) მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2024 წლიდან საქართველოში 148 ჟურნალისტი და მედიის სხვა წარმომადგენელი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.
დოკუმენტირებული შემთხვევების უმრავლესობაში (104 შემთხვევაში) თავდასხმის წყაროდ პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები ფიქსირდებიან, ხოლო უმეტესობა (111 შემთხვევა) ჟურნალისტების წინააღმდეგ დემონსტრაციების დროს განხორციელდა.
IPI მიუთითებს, როომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, აგრეთვე ფიზიკური ძალადობა როგორც მშვიდობიანი მომიტინგეების, ისე იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ამ აქციებს აშუქებდნენ.
„ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება, რაც ხელს უწყობს დაუსჯელობის კულტურის დამკვიდრებას. სულ რამდენიმე დღის წინ, IPI-ს კიდევ ერთ წევრს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. მანამდე ცოტა ხნით ადრე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძესა და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს.
IPI მაღალ შეფასებას აძლევს ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდის მუშაობას, რომელმაც ჩაატარა გამოძიება როგავაზე თავდასხმის შესახებ და გამოავლინა სავარაუდო დამნაშავე. ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს რეპორტაჟის ავტორებისთვის, მათ შორის გამოძიების მთავარი ავტორის ელისო ჯარიაშვილისთვის, ისევე როგორც თავად როგავასთვის.
IPI და ჩვენი გლობალური ქსელი კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც სულ უფრო მტრულ და სახიფათო გარემოში აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებისა და პასუხისმგებელ პირთა მხილების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ მიეცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა შურისძიების შიშის გარეშე.
ჩვენს წევრზე, გურამ როგავაზე თავდასხმაში პასუხისმგებელი პირი კანონის წინაშე უნდა წარდგეს. თუმცა, დაუსჯელობის ციკლი საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყდება, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ მართლმსაჯულებასა და ანგარიშვალდებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
IPI მიუთიტებს, რომ ეს განცხადება არის Media Freedom Rapid Response-ის (MFRR) ნაწილი — ევროპული მექანიზმისა, რომელიც აკვირდება, აკონტროლებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში.