პუტინმა ხელი მოაწერა „სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე“.

დოკუმენტი რუსული სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოქვეყნების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ის „მიმართულია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, შეთანხმებული საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის გატარების, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციისა და მხარეებს შორის კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით“.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ „მხარეები გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ, ასევე საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთიან წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფისკენ“.

საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება 9 მაისს დაიდო, ხოლო დუმამ მისი რატიფიცირება 13 მაისს მოახდინა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორმა, თამთა მიქელაძემ 15 მაისს შეაფასა, როგორც ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია.

აღნიშნულ ხელშეკრულებას 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი და თქვა, რომ რუსეთის „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.

დღეს, 25 მაისს პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტში აღნიშნულ ხელშეკრულებზე რეაგირების მიზნით რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუცია წარადგინა.

ამ ინიციატივის პასუხად ლევან მახაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე მაქსიმუმს აკეთებს, რათა ოკუპაცია დასრულდეს. „ამის იქით ყველაფერი პოლიტიკური მატრაკვეცობაა“, – თქვა ლევან მახაშვილმა.