„შავი სია", ქვეკონტრაქტორები, დისკვალიფიკაცია - რა ცვლილებებს ამზადებს მთავრობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში

პუბლიკა

მთავრობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ამზადებს ცვლილებებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ქვეკონტრაქტორის მონაწილეობას, „შავ სიის“ გაფართოებასა და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღებას უკავშირდება.

დოკუმენტის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც გამოიხატება ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში.

„ქვეკონტრაქტორის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაღრმავებას, რესურსების ეფექტიან გადანაწილებასა და ბიზნესსუბიექტებს შორის თანამშრომლობის კულტურის განვითარებას. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესების ჩამოყალიბებას, მათ შორის ქვეკონტრაქტორების შერჩევის, ჩართულობის ფარგლების, პასუხისმგებლობის განაწილებისა  და კონტროლის მექანიზმების მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული რეგულაციები ასევე უზრუნველყოფს, რომ ქვეკონტრაქტორების ჩართულობა განხორციელდეს კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ისე მთლიანად სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობას” – წერია განმარტებით ბარათში.

მკვიდრდება „ეკონომიკური ოპერატორის” დეფინიცია, რომელიც გულისხმობს შესყიდვებში მონაწილე ყველა შესაძლო სუბიექტს, მათ შორის, როგორც მიმწოდებლებს, ასევე პრეტენდენტებსა და ქვეკონტრაქტორებს.

კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ახლებურად ყალიბდება შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის – „შავი სიის“ ცნება. არსებული კანონის თანახმად, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მიმწოდებელი „შავ სიაში” 1 წლის განმავლობაში იყო დარეგისტრეირებული, ახალი ინიციატივით, ის 2 წლამდე გახანგრძლივდება. ფართოვდება „შავ სიაში” შესაყვანი ეკონომიკური ოპერატორების სიაც და მოიცავს კომპანიასთან კავშირში მყოფ პირებსაც. მათ ამ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

„წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და ხელშეკრულების დადება ეკრძალება აგრეთვე ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, აგრეთვე – იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და იგი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს” – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ავტორობით დაწერილ დოკუმენტში.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილებას, რომ დისკვალისფიკაცი მისცეს პრეტენდენტს გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით, ნასამართლობის არსებობისას. კერძოდ, საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა კორუფციული შინაარსის დანაშაულებების, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის, ტრეფიკინგისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულები. აღნიშნული პრეტენდენტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას მაღალი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში (თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ ზღვარს). 

მოქმედი რედაქციით, დისკვალიფიკაციის ეს ნაწილი ისედაც რეგულირებულია, თუმცა როგორც ინიციატორი განმარტავს, ცვლილების მიზანს „მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, ასევე მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მქონე დანაშაულებთან მიმართებით დამატებითი აქცენტის გაკეთება და შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის უფრო მკაფიო მითითებითი ნორმის განსაზღვრა წარმოადგენს”.

დამატებით, ინიცირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გარკვეული ტიპის შესყიდვებზე მოქმედი სტანდარტული სატენდერო პროცედურები პრაქტიკულ სირთულეებს ქმნის. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრულია და ალტერნატივა არ არსებობს. მაგალითად, საერთაშორისო აკრედიტაციის, ავტორიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებისა ან სხვა სახელმწიფო უწყებისგან ექსკლუზიური მომსახურების მიღების დროს. დოკუმენტის ავტორის შეფასებით, ასეთ შემთხვევებში კონკურენტული ტენდერის ჩატარება პროცესს აჭიანურებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს ზრდის, რის გამოც კანონპროექტი შესაბამისი გამონაკლისების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შშმ პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების მექანიზმის დანერგვას. 

„კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა შესაძლებელია დარეზერვდეს იმ მიმწოდებელთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი ჯგუფების რეალურ ჩართულობასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. აღნიშნული მიდგომა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს თანასწორი შესაძლებლობების პრინციპის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის დამატებით ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს სუბიექტებისთვის. ამასთანავე, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ დარეზერვების მექანიზმის გამოყენება არ წარმოადგენს ზოგად წესს და იგი დაიშვება მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სახელმწიფო შესყიდვებში ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საკითხების დანერგვა. „ცვლილება განხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, რაც გამორიცხავს თვითნებურ გადაწყვეტილებებს და ადგენს მკაფიო წესებს” – მითითებულია კანონპროექტში.

იცვლება გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული წესი, კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სუს-ის სისტემისა და პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. 

წარმოდეგნილი კანონპროექტით ასევე იცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განამრტება და ჩანაცვლდება ტერმინით – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემა“, რაც სუსში შემავალ უწყებებს/დანაყოფებსაც მოიცავს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები აღნიშნული მომსახურების შესყიდვისას, გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო განცხადება, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია და შესაბამისად, გადაიხადონ საფასური (ამჟამად არსებული 100 ლარი). შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი ამ მიმართულებით გამოიწვევს აღნისნული უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის დაზოგვას. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ამ უწყებების მიერ განხორციელებული შესყიდვის ოდენობაზე” – წერია დოკუმენტში.