არსებული ინფორმაციით, რუსეთი სომხეთს ბაჟისგან თავისუფალი გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

არსებული ინფორმაციით, რუსეთი სომხეთს საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. რუსულმა სამთავრობო გამოცემა „კომერსანტმა“ 26 მაისს მის ხელთ არსებული წერილის ასლზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა.

წერილის თანახმად, მოსკოვმა შესაძლოა შეაჩეროს გაზის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების საბაჟო გადასახადის გარეშე მიწოდება, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრების მცდელობებს გააგრძელებს. თავის მხრივ, სომხეთმა უარყო მსგავსი წერილის მიღება, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ერევანს „აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ აქვს, დაძაბულობა შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში“.

სავარაუდო წერილი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილიოვმა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნა. სომხურმა უწყებამ 27 მაისს სომხეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესს“ უთხრა, რომ მსგავსი წერილი არ მიუღიათ.

2013 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა სომხეთისთვის გაზის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების საექსპორტო საბაჟო გადასახადის გარეშე მიწოდება დაიწყო.

გავრცელებული წერილის მიხედვით, სწორედ ამ შეთანხმების შეწყვეტაზეა საუბარი. უფრო მეტიც, სომხეთს მოეთხოვება კომპენსაციის გადახდა ან „გადაუხდელი თანხების რუსეთის წინაშე სახელმწიფო ვალად აღიარება“.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს ფორმულირება იმას, რომ სომხეთს მოუწევს საექსპორტო ბაჟის გადახდა ყველაფერზე, რაც რუსეთიდან ქვეყანაში 2013 წლის შემდეგ შეიტანა – ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება.

სომხეთის ევროკავშირში გაწევრების მცდელობები „არ შეესაბამება იმ პარტნიორობის ხასიათს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და ბიზნესსუბიექტებს შორის პატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე ჩამოყალიბდა, ასევე არ შეესაბამება რუსეთის ფედერაციის მიერ სომხეთის კრიტიკული საჭიროებების შეღავათიანად დასაკმაყოფილებლად არაერთხელ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს“, – წერს ცივილიოვი სავარაუდო წერილში.

ოთხშაბათს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული მუქარის თაობაზე და თქვა, რომ ეს არის „კომერციული საკითხი“, რომელიც რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია „გაზპრომს“ ეხება.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 7 ივნისს არის დაგეგმილი, რუსეთი აძლიერებს ქვეყანაზე ზეწოლას და ამავე დროს აგრძელებს მუქარის რიტორიკას სომხეთის დასავლეთისკენ გეოპოლიტიკური გადახრის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით.

ერევანმა არაერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს რუსეთთან კავშირების გაწყვეტას და მიზნად ისახავს პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან.

მირზოიანმა ეს პოზიცია 26 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა: „ჩვენ აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ გვაქვს, დაძაბულობა შევქმნათ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, პოლიტიკურ დიალოგსა თუ ეკონომიკურ კავშირებში, არც ორმხრივ ფორმატში და არც მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმებზე, როგორიცაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა [დსთ] და სხვაგან“.

„ვიმედოვნებთ და მზად ვართ, რომ ყველა საკითხი, რომელიც წამოიჭრა ან შეიძლება, წამოიჭრას (და პრობლემები დროდადრო ნებისმიერ ურთიერთობაში ჩნდება), განვიხილოთ ჯანსაღ, კონსტრუქციულ და პარტნიორულ ატმოსფეროში, რათა ვიპოვოთ მოგვარების გზები“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ერევნის მხრიდან ამ შემრიგებლური ჟესტების მიუხედავად, რუსეთი სომხეთის მისამართით პროვოკაციულ განცხადებებს აგრძელებს და ეს განცხადებები მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით არ შემოიფარგლება.

26 მაისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ სომხეთი არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო/ОДКБ) და გააკეთა მცდარი განცხადება, თითქოს სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე თავდასხმა არასოდეს მომხდარა.

2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სომხეთის ტერიტორიაზე და დაიკავეს დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრი ფართობი, რომელსაც დღემდე აკონტროლებენ.

შოიგუმ ასევე მცდარად განაცხადა, რომ მაშინ სომხეთს არ მიუმართავს კუხოსთვის დახმარების თხოვნით – ორგანიზაციისთვის, რომელიც ხელშეკრულებით სომხეთის დახმარების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა ეს არ გაუკეთებია.

ორგანიზაციის უარმა, დაეცვა სომხეთი, აიძულა ერევანი, მიეღო გადაწყვეტილება კუხო-ში თავისი მონაწილეობის გაყინვის შესახებ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.