ლამერტი: 11 ივნისის სავიზო დიალოგი საქართველოსთან ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა

პუბლიკა

11 ივნისს ევროკავშირს საქართველოსთან სავიზო დიალოგი აქვს დაგეგმილი.

ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა განმარტა, რას გულისხმობს ეს შეხვედრა. კითხვა ამის შესახებ მას „ევროსკოპმა“ დაუსვა.

ლამერტის განცხადებით, ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელიც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ნაწილია.

2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში. მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას. შეჩერება ძალაშია 12 თვის განმავლობაში.

მარკუს ლამერტმა თქვა, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება კარგავს ძალას, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან ე.წ. „გაძლიერებულ დიალოგს“ იწყება, რომლის მიზანიც იმ გარემოებების გამოსწორებაა, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია.

მისი განცხადებით, სწორედ ამ კონტექსტში იმართება შეხვედრა 11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დელეგაციას შორის და შეხვედრაც სწორედ ამას ეხება.

„შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.

ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში“, — განაცხადა მარკუს ლამერტმა.

5 ივნისს „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხზე იმსჯელებს და რომ შესაძლოა, განიხილონ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.

იოზვიაკმა თქვა, რომ ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო გადაწყვეტილება შეჩერებაზე წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა 2027 წლის იანვარში მიიღონ.