კაია კალასი: საქართველოს მთავრობასთან კავშირი არ გვაქვს, არ გვსურს მისი მხარდაჭერა 

პუბლიკა

დღეს, 13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ არ აქვთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და რომ არ სურთ მისი მხარდაჭერა.

კომენტარი მან „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად გააკეთა. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს განხილვის ერთ-ერთი საგანი შავი ზღვის უსაფრთხოებაა.

კერძოდ, საბჭო გადახედავს ერთი წლის წინ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი სტრატეგიული მიდგომის დანერგვის პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს.

„შავი ზღვის სტრატეგია ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს. ახლა მისი განხორციელების ეტაპია. შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გვიწევს ძალისხმევის გაღება საქართველოსთან მიმართებით, რადგან მთავრობასთან კავშირები რეალურად არ გვაქვს და არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი“, – თქვა კაია კალასმა.

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიული მიდგომა არის ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული კომუნიკე, რომლის მთავარი მიზანიც არის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონისთვის ევროკავშირის ერთიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც რეგიონს უფრო უსაფრთხოს, სტაბილურს, მდგრადსა და ეკონომიკურად წარმატებულს გახდის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრას ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰაც.

მინისტრები განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინაში, რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტს, რომელზეც საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. ასევე განიხილება ვითარება ახლო აღმოსავლეთში.