თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრ კრეინის ბალეტი “ლაურენსია” განახლებული ქორეოგრაფიული ვერსიით წარმოდგინეს. მთავარ პარტიებს თანამედროვე ქართული ბალეტის ვარსკვლავები – ნინო სამადაშვილი და გიორგი ფოცხიშვილი ასრულებენ. საბალეტო გალაზე წარმოდგენილი, კარგად ნაცნობი გლაზუნოვის “რაიმონდასა” და მუნკუსის “დონ კიხოტის” ფერადოვანი ფრაგმენტების ფონზე კი პუბლიკამ ლეონარდ ბერნსტაინის შედარებით უცნობი ბალეტის, “ლეას” სამყაროში, ალექსეი რატმანსკის თანამედროვე ქორეოგრაფიის დახმარებით შეაბიჯა.
ალექსანდრ კრეინის ბალეტი „ლაურენსია”, რომლის ლიბრეტოს საფუძვლად ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყარო” დაედო, პირველად 1939 წელს, ლენინგრადის, კიროვის სახელობის თეატრში (ამჟამად მარიას თეატრი) დაიდგა, სადაც მთავარ პარტიებს ვახტანგ ჭაბუკიანი და ნატალია დუდინსკაია ასრულებდნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ლაურენსია” პირველად 1948 წლის 14 ნოემბერს, თავად ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა, რომელშიც ფრონდოსის პარტია სცენურ პარტნიორთან, ვერა წიგნაძესთან (ლაურენსია) ერთად იცეკვა.
ბალეტის მოქმედება ესპანეთში, სოფელ ფუენტე ოვეხუნაში ვითარდება. მთავარი გმირები ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ლაურენსია და მისი სატრფო, ფრონდოსი არიან. სოფლის კომენდანტი ფერნანდ გომესი ძალადობს ადგილობრივ ქალებზე, მათ შორის ლაურენსიაზეც. კომენდანტის თვითნებობას ეწინააღმდეგებიან გლეხები, რომლებსაც ლაურენსია ამბოხებისკენ მოუწოდებს. საბოლოოდ, თავისუფლების იდეით გაერთიანებული სოფლის მოსახლეობა კომენდანტის სასახლეს ანადგურებს და საკუთარ ღირსებასა და თავისუფლებას იცავს.

ვახტანგ ჭაბუკიანმა კლასიკური საბალეტო ელემენტებს ესპანური ხალხური ქორეოგრაფიის, კერძოდ ფლამენკოს საცეკვავო ელემენტებიც შეუხამა. ელვარე ტემპერამენტით, მასობრივი საბრძოლო–სახასიათი ცეკვებით და სოლო პარტიებით მდიდარი ბალეტი მეტ–ნაკლები სიფაქიზით და თავისუფლებით აღადგინა ნინო ანანიაშვილმა. მასვე ეკუთვნის განახლებული ქორეოგრაფიული ვერსიაც. წარმოდგენა უდავოდ სანახაობრივი და ფერწერულია, რაც თავის დროზე სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი მხატვრობისა და კოსტიუმების დამსახურება იყო. ახალ წარმოდგენაში მხატვრობა აღადგინა და ხელახლა შექმნა დავით მონავარდისაშვილმა, ხოლო კოსტიუმების ავტორია ალექსანდრ ვასილიევი.
გიორგი ფოცხიშვილის, როგორც მოცეკვავის, ფსიქო–ემოციური სამყარო, მისი ტემპერამენტი და ბრწყინვალე ტექნიკა კრეინის ბალეტს შესანიშნავად მოერგო. ნინო სამადაშვილის ლაურენსია კი გამორჩეული და მართლაც მეამბოხე სულის მატარებელი პერსონაჟია. ორივე მათგანის გამოჩენა სცენაზე მაყურებლისთვის ენერგიული და ლაღი ცეკვის, არტისტული თვითდაჯერებულობისა და შესანიშნავი ტექნიკის ზეიმია. მათი ცეკვის მიღმა თითქოს ერთდროულად ცოცხლდებოდნენ ჭაბუკიანისა და წიგნაძის პერსონაჟების მთვლემარე თუ ფხიზელი არქეტიპები.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ამ ბალეტის მრავალფეროვანი პერსონაჟებით დასახლებული სამყაროც: პასკუალა (ამ პარტიას ტექნიკურად კარგად უმკლავდება ტომონე კაგავა), ხასინტა (მართლაც გამორჩეულია ანასტაია მილიაჩენკო) და მენგო (მსუბუქი ნახტომებითა თუ სხარტი ნაბიჯებით გამორჩეული კაიტო ჰოსოია). ძალიან მომხიბვლელია ბოშურ ცეკვაში ელენე ღაღანიძე, ხოლო ფრონდოსის მეგობრები – დემიან რეშეტნიკი და ჯოშუა ნუნამეიქერი, შესატყვის ატმოსფეროს და საცეკვავო აურას ქმნიან.
გალა–კონცერტი, რომელიც ნინო ანანიაშვილის პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვა–ლაფაურის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა, კლასიკური და თანამედროვე ბალეტის მუდმივ გადაძახილსა და კონტრასტულ სანახაობას ჰგავდა. მაყურებელმა ალექსანდრე გლაზუნოვის ყველაზე ცნობილი, სამმოქმედებიანი ბალეტის, “რაიმონდას” პირველი აქტი იხილა ( სანკტ–პეტერბურგის მარიას თეატრში, მარიუს პეტიპას ლიბრეტოთი და ქორეოგრაფიით დადგმული ბალეტი, ახალი ვერსიით ნინო ანანაიშვილმა და ალექსეი ფადეიჩევმა დაახლოებით 15 წლის წინათ აღადგინეს).
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის ბალეტი “ლეა”, რომელიც მან 1974 წელს დაწერა ებრაული პიესის „დიბუკის” მიხედვით. ლეგენდარული ჯერომ რობინსის ქორეოგრაფია წლების შემდეგ, ალექსეი რატმანსკიმ გადაამუშავა და ახალი ქორეოგრაფიული ვერსია შექმნა. პირველად “ლეა” თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიდგა და კარგა ხნის შემდეგ, უკვე თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში იხილა მაყურებელმა.
პუბლიკას მინკუსის “დონ კიხოტის” მესამე აქტით ასევე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ელოდა, რადგან დიდი ხნის შემდეგ, სცენაზე იხილა ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი მაია მახათელი. სცენაზე ვიხილეთ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ახალი წევრი, შესანიშნავი არტისტული თუ საცეკვავო მონაცემების სალომე ლევერაშვილი და გიორგი ფოცხიშვილის ძმა, ასევე ამომავალი ვარსკვლავი, ანდრია ფოცხიშვილი, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ნაციონალური ბალეტისა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის სოლისტია.

“რაიმონდას” პირველ აქტში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ნინო სამადაშვილისა (რაიმონდა) და გიორგი ფოცხიშვილის (ჟან დე ბრიენი) დუეტმა, რომელთა ცეკვაში “ლაურენსიას” ცეცხლოვანი ტემპერამენტის შემდეგ, დახვეწილობასა და კლასიკური საბალეტო ფორმებისადმი ერთგულებას ამოიკითხავდით. ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ ვარიაციების შესრულებისას მარიამ ლომჯარია და ანასტასია მილიაჩენკო, ხოლო უნგრულ ცეკვაში ულამაზესად გაიელვეს ელენე ღაღანიძემ და თათა ჯაშმა.
კლასიკური დუეტებისა და სანახაობრივი ფუეტეების ფონზე სრულიად კონტრასტულად წარმოჩინდა ბალეტ “ლეას” მეორე აქტი, რომლის ქორეოგრაფია განსხვავებულ ტექნიკურ მონაცემებსა და გამომსახველობას მოითხოვს. ახალგაზრდა და პერსპექტიული სალომე იარაჯული (ლეა) და იტალიელი მოცეკვავე ფილიპო მონტანარი (მან ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია დაამთავრა, ხოლო 2025 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტია) ქმნიან თავშეკავებულ, მაგრამ დრამატულ დუეტს, რომელთა ცეკვა რატმანსკის “ეკონომიურ” ქორეოგრაფიას შესატყვის რეზონანსს ანიჭებს.
რაც შეეხება “დონ კიხოტის” მესამე აქტს, აქ უკვე რატმანსკის გონებისმიერი კონცეფციები ადგილს უთმობდა სხეულთა მსუყე გაბაასებას ლუდვიგ მინკუსის მარტივ და კარგად ნაცნობ მელოდიებთან. ეს ეთგვარ შეჯიბრს წააგავდა, ვინ უკეთ გააკეთებდა პირუეტს (ვინ თუ არა ანდრია ფოცხიშვილი), ვინ დატრიალდებოდა 30 ფუეტეთი (შესანიშნავია ჩელიტა – მაია მახათელი), ვინ შეძლებდა “შპაგატის” უკეთ შესრულებას (ბახტიარ ადამჟანი, ასტანას საბალეტო დასის სოლისტი), ვინ იქნებოდა დახვწილი, ფეხმარდი და კარგი ამპლიტუდის ნახტომით გამორჩეული (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წევრი სალომე ლევერაშვილი)…და ა.შ.

ერთი სიტყვით, ბალეტ–გალა კლასიკური საბალეტო პურიც იყო და სანახაობაც; ორივე ერთად აღებული. ამ სამნაწილიან ქორეოგრაფიულ ზეიმს კი უძვებოდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკეტრი, მაესტრო ლევან ჯაგაევის დირიჟორობით.