პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე სახელოვანი გერმანელი ქორეოგრაფის სპექტაკლი, Masurca Fogo წარმოადგინა.
ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის შექმნილმა ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თბილისშიც ჩამოაღწია. ეს არის კავკასიის რეგიონში დაისის პირველი გასტროლი და ამდენად, Masurca Fogo, რომელიც სამჯერ წარმოადგინეს ოპერისა და ბალეტის სცენაზე, შეიძლება აღვიქვათ როგორც კონტრასტული, სოციალური და ეგზოტiკური ქორეოგრაფიული ჩაროზი, ფესტივალის კლასიკური და მრავალჯერადი პა–დე–დეების ფონზე.
Masurca Fogo (“ცეცხლოვანი მაზურკა”) ლისაბონის მსოფლიო გამოფენისა (EXPO 98) და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, 1998 წელს შეიქმნა. ცოტა ხნის წინ, 2026 წლის იანვარში, ვუპერტალის ცეკვის თეატრმა გააცოცხლა ეს დადგმა და საინტერესო ის არის, რომ მოცეკვავეები – დაფნის კოკინოსი, ნაზარეთ პანადერო და აიდა ვაინიერი, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო პრემიერაში მოანაწილეობდნენ და რომლებიც თეატრის დაარსების დღიდან დასის წევრები არიან, ისევ გამოჩნდნენ სცენაზე.
„1973 წლიდან მოყოლებული, როდესაც პინა ბაუშმა ცეკვის თეატრი დააარსა, 2009 წლამდე, ანუ გარდაიცვალებამდე, მან 47 სპექტაკლი დადგა – განაცხადა ოპერის თეატრში გამართულ პრეს–კონფერენციაზე თეატრის სამხატვრო და აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ზიკჰაუსმა. ყოველ ახალ სეზონზე ვცდილობთ ათი სპექტაკლი მაინც შევინარჩუნოთ რეპერტუარში. ვდგამთ როგორც მის ადრეულ ნამუშევრებს, მაგალითად „კაფე მიულერს“ და „კურთხეულ გაზაფხულს“, ასევე 80-იანი წლების სპექტაკლებს, როგორიცაა „მიხაკები“ და „პალერმო, პალერმო“. გასული საუკუნის 90-იანი წლების რეპერტუარიდანაა სწორედ Masurca Fogo, რომელსაც მაყურებელი თბილისში ნახავს. ასევე აღვადგინეთ ის სპექტაკლებიც, რომლებიც პინა ბაუშმა 21-ე საუკუნეში, სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა“.

„მაზურკა“ ბაუშის ალბათ, ყველაზე მგრძნობიარე, ირონული და მსუბუქი ოპუსია მისი შედარებით დრამატული, ხშირად პირქუში და გენდერული იდენტობის ძიებებით აღბეჭდილი სხვა წარმოდენების ფონზე. ლისაბონის შთაბეჭდილებებით შთაგონებული წარმოდგენა გაჟღენთილია მგრძნობიარე სითბოთი, ყვავილების დამათრობელი სურნელით და ოკეანიდან მონაბერი ჰაერით. თუმცა ქორეოგრაფი მუდმივად შეგვახსენებს, რომ ის ცეკვის თეატრის ლაბირინთში მიგვიძღვება და არა რაგინდ მოდერნისტუად “ნაშენებ” ბალეტში (თუმცა ვისაც “ორფეოსი და ევრიდიკე” ნანახი აქვს, რომელიც პარიზის “გრანდ ოპერამ” მისი სიკვდილის შემდეგ აღადგინა, დარწმუნდება, რომ ესეც კარგად შეუძლია); რომ კუპიდონის ისრები ზოგჯერ ბასრი იუმორით გაჟღენთილ ნათელ შხამს ინახავენ; რომ მრავალჯერ გამეორებული მოძრაობები და ჟესტები ერთფეროვნებას კი არ ნიშნავს, არამედ ემოციური დამოკიდებულების მოულოდნელ და ცვალებად ამპლიტუდას…

სხვათა შორის, პინა ბაუში არასდროს ყოფილა უნისექსის მომხრე. მისი ფანტაზიით შექმნილი ქალები ქუსლიანი ფეხსაცმლით დააბიჯებენ, გაშლილი თმებითა და ყვავილებიანი აბრეშუმის კაბებით ცეკვავენ, რომლებიც თითქმის ფარავენ მკერდს. ისინი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან, ეროტიზმს ასხივებენ და ამავე დროს, ბუნებრივად სასაცილოები არიან. ყვირიან, დარბიან, არასდროს ნებდებიან და საკუთარი სიტუაციის აბსურდულობას ირონიული ღიმილით ეგებებიან. ასაკოვანი ქალები კი გამოცდილი მონადირის თვალით აფასებენ ახალგაზრდა მამაკაცებს როგორც სცენაზე, ასევე დარბაზში.
მზისა და წყლის გარდა, „მაზურკა“ ძირითადად ნელი, ვნებიანი და მელანქოლიური ფადოთია გაჟღენთილი. სწორედ ოკეანის კლდოვან სანაპიროზე (სცენოგრაფია პეტერ პაბსტი), ფადოთი განბანილი თუ განწმენდილი ქალები და კაცები (ტალღების ვიდეოპროექცია ამას კიდევ უფრო ამძაფრებს) გვირჩევენ რომ რაციონალიზმი და დეპრესია ცოტა ხნით დავივიწყოთ და სინათლეს, თამაშს, სიცელქეს მივენდოთ. ადამიანი, რაც არ უნდა სასაცილოდ, აბსურდულად, ან აფექტურად გამოიყურებოდეს, მაინც ბუნების ისეთივე ნაწილია, როგორც როგორც თავად ბუნება; როგორც მისი ნოტიო ჰაერი ან ოკეანის ტალღები.
ქორეოგრაფი მინორულ–მაჟორული ვარიაციების მონაცვლეობით იკვლევს მაღალ ქუსლებზე შემგარი ქალებისა და თეთრი პერანგებით შემოსილი კაცების ურთიერთლტოლვასაც. მათი ინტიმურობის პოეტურ და ფიზიოლოგიურ მხარეებს მუდმივად თან სდევს რაღაც აუხსნელი სევდითა და დაძაბულობით გაჟღენთილი ჟესტები, პარადოქსული მოძრაობები, პოეზიის საზღვრებს მიღმა გასული სასაცილო სიშლეგე…
ამ უცნაური და მარტოობის დამღით აღბეჭდილი ადამიანების გარემოში უწყვეტად და ჭრელი ძაფებით ნაქსოვი გობელენივით შემოდის სხვადასხვა ხმები და ჯადოსნური მუსიკა – ფადოს, ჯაზის, ტანგოს, ბატუკადას და კაბო–ვერდეს რიტმებისა თუ კოლაჟის სახით. აქვეა ამალია როდრიგესი, ბალანესკუს კვარტეტი, ბადენ პაუელი, დიუკ ელინგტონი, გიდონ კრემერი და რაც მთავარია, ინსტრუმენტული კომპოზიცია Raquel, რომელიც შექმნა კაბო–ვერდელმა მუსიკოსმა და გიტარისტმა, რუფინო ალმეიდამ (არტისტული ფსევდონიმით BAU).
ტრეკი განსაკუთრებით პოპულარული გახდა პედრო ალმოდოვარის ფილმით „ესაუბრე მას“ (Hable con ella), რომლის ფინალურ ეპიზოდში რეჟისორმა პირდაპირ გადაიტანა პინა ბაუშის ქორეოგრაფიული ფინალიც. ისიც უნდა ითქვას, რომ ალმოდოვარის საკულტო ფილმმა ბევრად პოპულარული გახადა თავად პინა ბაუშის წარმოდგენა მთელ მსოფლიოში, რომლის სამდღიანი გასტროლი თბილისში უკვე დაგვიანებულ, მაგრამ მაინც კულტუროლოგიურ–არქეოლოგიურ აქციად შეიძლება ჩაითვალოს.

ნიუ–იორკში, ჯულიარდის ცნობილ სკოლაში, კლასიკური და ნეოკლასიკური ქორეოგრაფიის შესწავლის შემდეგ (პიანა სახელოვანი ქორეოგრაფის ჯერომ რობინსის მოწაფეც იყო), ერთი შეხედვით, მოულოდნელად დაბრუნდა გერმანიაში, რათა 1973 წელს დაეარსებინა საკუთარი კონცეფციით და წარმოსახვით შექმნილი თეატრი, რომელიც მოგვიანებით პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრის სახელით გაიცნო მსოფლიომ. თუმცა, სინამდვილეში ეს უფრო 30-იანი წლების ცნობილი და შემდგომ მივიწყებული გერმანული ექსპრესიონიტული ცეკვის სკოლის რეინკარნაციისა და ახალი არტ–რეალობის გაცნობირების დასაწყისი იყო.
Masurca Fogo-ს ფინალი ყველა სხვა ეპიზოდზე ბევრად შთამბეჭდავია: რუფინო ალმეიდას მუსიკის ფონზე წყვილები მიყოლებით წრეზე მოძრაობენ; ტერფების ყოველ ნაბიჯს თეძოების ოდნავ შესამჩნევ მოძრაობასაც ააყოლებენ და გეჩვენებათ, რომ ეს იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. თუმცა ამ მოძრაობაში იმდენად გულწრფელი სიმარტივე და გრძნობაა ჩადებული, რომ ყველა რთულ პასაჟს ან შეკითხვას აბათილებს, რომელიც მანამდე გესმოდათ. შემდეგ მუსიკითა და ოკეანით განბანილი ეს სხეულები სანაპიროს შეერწყმებიან და გაგრძნობინებენ, რომ ნევროზებით აღბეჭდილი შლეგი დრო და გარემო ცოტა ხნით შეიძლება დაივიწყოთ – სიმშვიდითა და ტრანსფორმაციით.