სომხეთში ოპოზიციონერ ნარეკ კარაპეტიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და გამოძიება დაიწყეს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა, რამაც პროკურატურას მისი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობა მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მისი ალიანსის კიდევ ერთი წევრის წინააღმდეგ, რომელსაც ფულის გათეთრებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ედება ბრალი.

ნარეკ კარაპეტიანი საარჩევნო კამპანიის მთავარი სახე იყო და „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო კამპანიას ბიძის, ალიანსის ოფიციალური ლიდერის, სამველ კარაპეტიანის სახელით ხელმძღვანელობდა. სამველ კარაპეტიანს პარლამენტში კენჭისყრის უფლება ორმაგი მოქალაქეობის გამო არ მიეცა. ამჟამად ის შინაპატიმრობაშია. კარაპეტიანს ბრალად ედება ხელისუფლების ძალადობრივი მითვისებისკენ მოწოდება და ფულის გათეთრება.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ლუსინე მარტიროსიანმა, სახელმწიფო საინფორმაციო პლატფორმა Armenpress-ს უთხრა, რომ პროკურატურამ ცესკოს ორი შუამდგომლობა წარუდგინა: პირველი – ნარეკ კარაპეტიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობის მისაღებად, ხოლო მეორე – მისი თავისუფლების აღკვეთაზე თანხმობის მისაღებად. ეს შეიძლება ნიშნავდეს როგორც წინასწარ პატიმრობას, ისე შინაპატიმრობას.

მარტიროსიანის განმარტებით, ამ ეტაპზე განხილულია მხოლოდ პირველი შუამდგომლობა, რომელიც ნარეკ კარაპეტიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხებოდა.

დღეს, 22 ივლისის შუადღეს აღნიშნული შუამდგომლობა უკვე დამტკიცებული იყო.

საპასუხოდ „ძლიერი სომხეთის“ პრესსპიკერმა მარიანა ღაჰრამაიანმა განაცხადა, რომ ცესკომ „კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“.

„ისინი ნარეკ კარაპეტიანის იზოლირებას ცდილობენ. „ძლიერი სომხეთი“ არ გატყდება. თქვენ კვლავ გეშინიათ“, – განაცხადა ღაჰრამაიანმა.

ცესკოს თავმჯდომარე ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა ამ შუამდგომლობის შესახებ გუშინ, 21 ივლისს ბრიფინგზე ისაუბრა.

გუშინვე ცესკომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ სამი პარტიისა და ბლოკის საპარლამენტო მანდატების განაწილების ოქმები, რომლებმაც პარლამენტში მოხვედრა შეძლეს, მათ შორის არის „ძლიერი სომხეთიც“. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 2 აგვისტოს არის დაგეგმილი.

21 ივლისსვე ნარეკ კარაპეტიანის ადვოკატმა არამ ვარდევანიანმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენები შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა საქმესთან, რომელიც „ძლიერი სომხეთის“ ერთ-ერთ ლიდერს, ალიკ ალექსანიანს ეხება. მას ივნისის დასაწყისში ფულის გათეთრებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში დასდეს ბრალი.

Armenpress-ის ინფორმაციით, ჰოვაკიმიანმა განმარტა, რომ ნარეკ კარაპეტიანი ამჟამად არჩეული დეპუტატის სტატუსს ფლობს, თუმცა მანდატს ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ახალი პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს. მანამდე მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ცესკოს თანხმობა სჭირდება.

გენერალურმა პროკურატურამ საქმის დეტალების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა და მიზეზად მიმდინარე გამოძიების ინტერესები დაასახელა.

ეს გადაწყვეტილება 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯების მორიგი შემთხვევაა.

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ნარეკ კარაპეტიანს სომხეთის დატოვება აუკრძალეს, თუმცა ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც აკრძალვის მიზეზი განუმარტავს. გარდა ამისა, მაისში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო იმ ბრალდებით, რომ საპარლამენტო კანდიდატად რეგისტრაციისას უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუთითა.

არჩევნების შემდეგ სომხეთის დატოვების შეზღუდვის შესახებ სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც განაცხადეს, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა.

წარუკიანის საქმე მოგვიანებით კიდევ უფრო გამწვავდა. ბიზნესმენი, რომლის პარტიამ ცესკოს სადავო გადაწყვეტილების შედეგად საარჩევნო ბარიერის გადალახვა მცირედი სხვაობით ვერ შეძლო, ივლისის დასაწყისში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

ხელისუფლებამ ზომები მიიღო წარუკიანის ბიზნესების მიმართაც. სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ მისი „არარატ ცემენტი“ სახელმწიფოს მიაკუთვნა, პროკურატურა კი მისთვის სავარაუდოდ კუთვნილი დამატებითი უძრავი ქონების, აქტივებისა და ფულადი სახსრების კონფისკაციასაც მოითხოვს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.