გორდულაძე „ეროვნული სიწმინდეების დამცველებზე“: მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ

პუბლიკა

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფეისბუკზე ხშირად აქვეყნებს „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, „ეროვნული სიწმინდეების” დაცვის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ „იდენტობის დასაცავად საფრთხეს არ მოერიდებიან და მზად არიან, ციხეშიც კი წავიდნენ“.

ამ ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვაზე „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ყველას აქვს კანონის ჩარჩოში მოქცეული გაერთიანების შექმნის უფლება და „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, ქვეყნის რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე.“

„საქართველოში უზრუნველყოფილია პირთა თავისუფალი გაერთიანება. ყველას აქვს უფლება, რომ გაერთიანდეს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ამავდროულად, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოხვედრილი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, ქვეყნის რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საფრთხისშემცველად მიიჩნევს თუ არა ისეთი გაერთიანების შექმნას, რომლის წევრიც „ამართლებდა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას“, გორდულაძე აცხადებს, რომ ვერ ისაუბრებს ისეთ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელიც ადამიანს არ ჩაუდენია.

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული, ამტკიცოს  თავისი უდანაშაულობა და სანამ არ დადასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, რომ ადამიანი არის დამნაშავე, არავის არ აქვს უფლება, მას უწოდოს დამნაშავე. ეს ვრცელდება როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, ასევე ჟურნალისტზე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი…

მე მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ, მე ვარ ერთი იურისტი, მათ შორის, ვარ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“, რომლისთვისაც  მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ჩვენ ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელიც მას არ ჩაუდენია.

თუ რომელიმე ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ყველას აქვს უფლება, გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, ნაცჟურნალისტებს და ნაცმედიას მოეწონებათ თუ არ მოეწონება და კარგია, თუ ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება და ხმას იმაღლებს მიზანმიმართულ, დაორგანიზებულ შეტევაზე ქვეყნის კულტურასა და წარსულზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომელიც საქართველოს საქართველოდ აქცევს, ქართველს ქართველად აქცევს, საქართველოს მოქალაქეს – საქართველოს მოქალაქედ. და სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა პატრიარქზე, ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივი“, – განაცხადა გორდულაძემ.