ანი ღულინიანი
ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ძველი ქალაქის სომხურ კვარტალში მდებარე წმინდა იაკობის მონასტერზე თავდასხმის შემდეგ ექვსი პირი დააკავა, მათგან ხუთი არასრულწლოვანია. თავდამსხმელებმა შეაფურთხეს და ქვები დაუშინეს კომპლექსს, სადაც რეგიონში სომხური სამოციქულო ეკლესიის რეზიდენცია მდებარეობს.
ეს შემთხვევა იერუსალიმის სომხური თემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების მორიგი ეპიზოდია. ადგილობრივები წლებია, ულტრაორთოდოქს ებრაელებს ძველ ქალაქში მათ სისტემურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სომეხთა საპატრიარქომ ამ ტენდენციას ქალაქში თავისი არსებობისთვის „ეგზისტენციალური საფრთხე“ უწოდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს მტრულმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო იმატა.
თავდასხმა 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იერუსალიმში მცხოვრებმა სომეხმა ჟურნალისტმა კეღამ ბალიანმა გაავრცელა. მან X-ზე ინციდენტის ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნა. ბალიანის ცნობით, ექვსკაციანი ჯგუფი მონასტერთან დაახლოებით ღამის 01:00 საათზე შეიკრიბა და შენობის მიმართულებით რიგრიგობით ფურთხება დაიწყო.
🚨BREAKING: On Sunday at around 1:00 a.m., six Jewish Israelis attacked the entrance to the Saint James Monastery in the Armenian Quarter of Jerusalem.
They took turns spitting at the monastery entrance. When they noticed an Armenian woman filming the incident from her home,… pic.twitter.com/kXHgO0JJDK
— Kegham Balian (@kbalian90) August 2, 2026
როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ახლომდებარე შენობიდან ჯგუფის გადაღება დაიწყო, თავდამსხმელები მასზე გადავიდნენ – მის ფანჯარას ქვები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისრაელის პოლიციამ ექვსივე ეჭვმიტანილი დააკავა. სამ მათგანს 15 დღით აეკრძალა ძველი ქალაქის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო დანარჩენი სამისთვის პოლიციამ პატიმრობის ვადა შემდგომ პროცესებამდე გაახანგრძლივა.
იერუსალიმის სომხურმა საპატრიარქომ ბალიანის ვიდეო სოციალურ ქსელშიც გააზიარა და ისრაელში აშშ-ის ელჩ მაიკ ჰაკაბის მიმართა – საპატრიარქომ ელჩს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა მსგავსი თავდასხმები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად შეფასდეს და არა ვანდალიზმის ცალკეულ შემთხვევად.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, მათ ინციდენტს „უმაღლესი სიმკაცრით“ მიუდგნენ და მზად არიან, გამოავლინონ და დასაჯონ პასუხისმგებელი პირები.
ეს შემთხვევა იერუსალიმის სომხური თემის მიმართ ხანგრძლივი მტრული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა. საპატრიარქოს თქმით, ეს უთანაბრდება „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ქალაქში თემის არსებობისთვის.

წმინდა მარკოზის სამლოცველო იერუსალიმის სომხურ კვარტალში | ფოტო: planetware.com
სომხები იერუსალიმში IV საუკუნიდან არიან, რაც ამ თემს მსოფლიოში უძველეს მოქმედ სომხურ დიასპორად აქცევს. იერუსალიმის სომხურ კვარტალში დაახლოებით 2 000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო კვარტალს სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის საპატრიარქო მართავს.
ისრაელის ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო, თუმცა, ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2022 წელს, როდესაც, გავრცელებული ცნობებით, ორმა ისრაელელმა ჯარისკაცმა რელიგიური მსვლელობის დროს სომეხ არქიეპისკოპოს სევან ღარიბიანს შეაფურთხა. ისინი მოგვიანებით უპატივცემულო ქცევის გამო ცოტა ხნით დააკავეს. 2023 წელს კი ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა სომეხ სასულიერო პირებსა და აქტივისტებს, რომლებიც სადავო „ძროხების ბაღის“ ტერიტორიაზე მორიგეობდნენ.
2021 წელს სომხურმა საპატრიარქომ ფარულად გადასცა სომხური კვარტლის ნაწილის გრძელვადიანი იჯარის უფლება ისრაელ-ემირატულ დეველოპერულ კომპანიას Xana Gardens-ს, რომელიც იქ ძვირადღირებული სასტუმროს აშენებას გეგმავდა. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ 2023 წელს საპატრიარქომ შეთანხმება გააუქმა. მიუხედავად ამისა, დეველოპერმა ტერიტორიაზე კონტრაქტორები, შეიარაღებული ისრაელელი ახალმოსახლეები (settlers) და ბულდოზერები გაგზავნა მიწის მისატაცებლად.
ცნობების თანახმად, ეს ქმედებები ისრაელის პოლიციის მფარველობით განხორციელდა, რომელმაც შეტაკებების დროს სულ მცირე სამი სომეხიც დააკავა. ამას გარდა, იერუსალიმის მუნიციპალიტეტი საპატრიარქოსგან სადავო ქონების გადასახადის სახით დაახლოებით 5.7 მილიონ დოლარს მოითხოვს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.