ავტორი: აითან ფარჰადოვა
დაპატიმრებულ მკვლევარსა და OC Media-ის კონტრიბუტორ ბაჰრუზ სამადოვს მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები განუვითარდა, რაც აზერბაიჯანის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების გამო კიდევ უფრო დამძიმდა. ამის შესახებ OC Media-ს მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ განუცხადა.
სამადოვი თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში დააკავეს. ხელისუფლებამ იგი სომხეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, ხოლო მომდევნო წელს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებამდე სამადოვი სომხეთთან მშვიდობის დამყარების აქტიური მხარდამჭერი იყო.
ბაჰრუზი სასჯელს უმბაქის მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის. მან ადრე თქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა იმ მედიკამენტების მიწოდებაზე, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქებას შეუწყობდა ხელს.
სადიგოვამ OC Media-ს უთხრა, რომ ბაჰრუზისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უკვე მიმართა.
„ციხის ექიმმა ის გასინჯა და დაადგინა, რომ მას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. ექიმმა ასევე თქვა, რომ ამ პირობებში მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ციხის ექიმმა ისიც თქვა, რომ „სამადოვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაშიც რეალური გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია“, რადგან იქაც იზოლაციაში მოუწევს ყოფნა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მხედველობის პრობლემების გათვალისწინებით, ის იზოლაციაში არ უნდა იყოს, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სამადოვს მკურნალობა სჭირდება. არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, – ამბობს ზიბეიდა სადიგოვა.
პარასკევს სამადოვის მეგობრებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.
სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა რუსტამ ისმაილბეილიმ თქვა, რომ სამადოვი „პატარა, ბნელ საკანშია“ მოთავსებული, რის შედეგადაც მისი მხედველობა, რომელიც მრავალწლიანი სამეცნიერო შრომის გამო ისედაც დასუსტებული იყო, თითქმის სრულ სიბრმავემდე გაუარესდა.
სადიგოვას თქმით, იზოლაციაში ყოფნის გამო სამადოვს დღეში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია საკნის პატარა აივანზე ყოფნა.
„სუფთა ჰაერზე გასეირნების სხვა შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ღია სივრცეში გასვლა აკრძალულია. აივანი ძალიან მცირე ზომისაა და ყველა მხრიდან დახურულია; მხოლოდ ზედა ნაწილი არის ღია, რომელიც ლითონის გისოსებითაა დაფარული”, – ამბობს ადვოკატი.
ბაჰრუზ სამადოვის ბებიამ და მისმა ერთადერთმა ცოცხალმა ნათესავმა, 83 წლის ზიბეიდა ოსმანოვამ OC Media-ს უთხრა, რომ ბაჰრუზი თვალების პრობლემების გამო სამხედრო სამსახურისგან იყო გათავისუფლებული.
„ჯარში არ მიიღეს, რადგან ძალიან სუსტი მხედველობა ჰქონდა, ზუსტი მაჩვენებლები აღარ მახსოვს. ახლა კი წაიყვანეს და ამ დახურულ სივრცეში ჩასვეს. იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, რა ხდება იქ, მასთან“, – თქვა მან.
ოსმანოვას სურვილია, „ხელისუფლებამ ბაჰრუზი სხვა ციხეში მაინც გადაიყვანოს“.
„ეს ექვსკვადრატულიანი, უფანჯრო საკანია. სასეირნოდ საერთოდ არ გაჰყავთ. არის პატარა ღრიჭო, მაგრამ შიგნით მაინც ბნელა. იქ ორი ადამიანი ზის. ამბობს, რომ მის თანამესაკნეს თვის ბოლოს კოლონიაში გადაიყვანენ“, – თქვა ოსმანოვამ და დასძინა, რომ სამადოვს წიგნები გაუგზავნა, რათა „გონება სხვა რამეზე გადაერთო“.
„და მისი სათვალეც – ის, რომელსაც თავისუფლებაში ყოფნისას ატარებდა. მაგრამ ახლა იმითაც ვეღარ ხედავს კარგად. ვიცი, ბევრ რამეს მიმალავს… როცა ვეკითხები, ავად ხომ არ არის, მპასუხობს: „ბებია, კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ“, მაგრამ მისი ხმით ვხვდები, რომ ასე არ არის”.
ოსმანოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაჰრუზსაც სურს, ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანონ.
„ამბობს, რომ ძალიან ცუდად ხედავს, შორს მდებარე საგნებს საერთოდ ვეღარ არჩევს”, – ამბობს ბებია.
ოსმანოვა სამადოვს ბოლოს შვიდი თვის წინ შეხვდა, თანაც მინის გამყოფის მიღმა, რადგან უმბაქის ციხეში უშუალო შეხვედრები აკრძალულია.
ბებია ასევე ამბობს, რომ შვილიშვილთან შეხვედრაში ხელს მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც უშლის – მას მაღალი არტერიული წნევა და ნევრალგია აწუხებს.
„წელქვემოთ მთელი სხეული, განსაკუთრებით ფეხები ძალიან მტკივა და სიარული მიჭირს. დილაობით ტკივილი უფრო ძლიერდება. გადასაადგილებლად კედლებს უნდა ჩავეჭიდო. მკურნალობას გავდივარ, მაგრამ მხოლოდ დროებით შვებას მაძლევს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო“, – თქვა ზიბეიდა ოსმანოვამ.
მან OC Media-ს ასევე უთხრა, რომ დღემდე ვერ გაუგია, რაშია მისი შვილიშვილი დამნაშავე.
„იმიტომ, რომ ჭკვიანი და განათლებულია? თუ იმიტომ, რომ მშვიდობა სურს?“
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.