ავტორი: ლანა აგრბა
თურქეთის პარლამენტის წევრებმა 10 პოლიტიკური პარტიიდან ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები და დაამყაროს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის.
ეს 10 პარტიაა: İYİ Party (კარგი პარტია), New Path (ახალი გზა), Democracy and Progress Party (დემოკრატიისა და პროგრესის პარტია), New Welfare Party (ახალი კეთილდღეობის პარტია), Future Party (მომავლის პარტია), Peoples’ Equality and Democracy Party (ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია), Democrat Party (დემოკრატიული პარტია), Workers’ Party of Turkey (თურქეთის მუშათა პარტია), Labour Party (შრომის პარტია) და New Party (ახალი პარტია). ამ პარტიებს თურქეთის პარლამენტში 206 მანდატი აქვთ, რაც პარლამენტის დაახლოებით 34%-ს შეადგენს.
პარტიებმა პრესკონფერენცია 5 აგვისტოს გამართეს იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა ივნისის ბოლოს წამოიწყეს სახელწოდებით „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“.
ბრიფინგზე თურქეთის „მუშათა პარტიის“ დეპუტატმა აჰმედ შიქმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და თურქეთს ისტორიული, ოჯახური და სოციალური კავშირები აკავშირებს. მისი თქმით, თურქეთში დიდი ჩრდილოკავკასიური დიასპორა ცხოვრობს, რაც რუსეთის მიერ XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის შედეგია.
მიიჩნევა, რომ თურქეთში 500 000-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება თავად აფხაზეთის მოსახლეობას.
განცხადებაში დეპუტატებმა მაგალითად მოიყვანეს ჩრდილოეთ კვიპროსისა და ტაივანის პასპორტების საერთაშორისო პრაქტიკაში დამუშავებისა და გამოყენების პრეცედენტები.
აფხაზური დიასპორის კამპანიამ თურქეთის პარლამენტში საჯარო მხარდაჭერა ივლისის ბოლოსაც მიიღო, როდესაც პარტია „ახალი გზის“ თავმჯდომარის მოადგილე სელჩუკ ოზდაღმა იმავე მოთხოვნებით გამართა პრესკონფერენცია.
აფხაზეთის პარლამენტის წევრმა დმიტრი მარშანიამ ინიციატივას უპრეცედენტო უწოდა.
„ჩემი მეხსიერებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქი პოლიტიკოსები ასე ერთსულოვნად საუბრობენ აფხაზურ საკითხზე. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია და მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“, – დაწერა მან Telegram-ზე და დასძინა, რომ თურქ პარლამენტარებს აფხაზეთში სტუმრობისკენ მოუწოდებს, „რათა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ცხოვრობს და ფუნქციონირებს რესპუბლიკა“.
„ანკარაში წამოჭრილი საკითხები სწორედ ის თემებია, რომლებსაც აფხაზეთი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მუდმივად აყენებს. ის ფაქტი, რომ ეს საკითხები დღეს უკვე ღიად ჟღერს თურქეთის პარლამენტის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პოზიციის მართებულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მან.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში რეგულარულად ფიგურირებს მოწოდებები აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების გადაწყვეტისა და აფხაზური ეროვნული პასპორტის საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტად აღიარების შესახებ.
„ეს არის გადაადგილების თავისუფლებისა და გარე მობილობის საკითხი, რომელსაც ჩვენ სამართლიანად მივიჩნევთ ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრობლემად, რომელიც გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებს“, – დაწერა Telegram-ზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა ინარ გიცბამ.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ მადლობა გადაუხადა თურქეთში მცხოვრებ „მოძმე აფხაზებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაციის ჩიხის გარღვევას“.
„ეს მხოლოდ ძალიან შეზღუდული აზროვნების მქონე ადამიანს ან ჩვენი ხალხის მტერს შეიძლება არ მოსწონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და კეთილი ნების მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოდან ამ საკითხში ცალსახად დაგვიჭერენ მხარს. მოკავშირეების შემთხვევაში სხვაგვარად ვერც იქნება“, – დაწერა მან.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.
თურქეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთობლივი განცხადება არ გამოქვეყნებულა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.