აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა
2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 18 წელი შესრულდა. რუსულ აგრესიას საქართველოს 408 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მცხოვრები.
ომის შედეგად საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა დაახლოებით 192 ათასმა ადამიანმა, რომელთაგან 30 000-მდე მოქალაქე ამ დრომდე დევნილობაში რჩება.
რუსეთი დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაციას, უკანონო სწავლებებს, საოკუპაციო ზოლის გამაგრებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებას.
დღეს ფილარმონიიდან გმირთა მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, სახელწოდებით – „გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!“.
აშშ, ევროპული ქვეყნები და უკრაინა აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურებიან
აშშ–მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აშშ–ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის გამო, გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მკვლელობებსა თუ გატაცებებს, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ევროპული ქვეყნები განცხადებებში შეშფოთებას გამოთქვამენ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ბოლო ქმედებებზე, რაც შესაძლო ანექსიის საფრთხეს ქმნის. საუბარია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილ „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებაზე“.
ომის წლისთავს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰაც. მისი თქმით, 2008 წლის აგრესიამ პირდაპირ გაუკაფა გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმას. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვზე სანქციების გაზრდისა და რუსული ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდა.
პროკურატურამ გია ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
საქმე ეხება აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ განცხადებებს იაგო ხვიჩიას გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ქართული მხარე ტყვეებს არ იყვანდა და ხვრეტდა, მოწინააღმდეგე მხარეს კი „რუსული დისციპლინის“ გამო ტყვეები აჰყავდა.
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან წელიწადი შესრულდა
6 აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამასთან დაკავშირებით მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადება გაავრცელა. კოალიციის შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი პოლიტიზებულია და „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანიც კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში – განაჩენს პოლიტიზებული, არაპროპორციული უწოდა და მედიამენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა. საჩივარი პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება და ეფუძნება არგუმენტს, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ქოლცენტრების ჯგუფი საქმიანობას აგრძელებს – „სტუდია მონიტორი“
„სტუდია მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თაღლითური ქოლცენტრი AK ჯგუფი, რომლის შესახებაც საერთაშორისო გამოძიება გასულ წელს გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, ახალ მისამართზე – მირიან მეფის 68 ნომერში განაგრძობდა საქმიანობას.
ჟურნალისტებმა ექვსთვიანი ფარული დაკვირვების შედეგად ამოიცნეს ჯგუფის მმართველი აკაკი ქევხიშვილი, დირექტორი მერი შოთაძე, ძველი აგენტები და დაცვის თანამშრომლები. გამოძიების მიხედვით, ეს პირები ახალ ლოკაციაზე გადაადგილდებოდნენ ისეთი ავტომობილებითაც, რომლებიც პროკურატურამ ჯერ კიდევ გასულ წელს დააყადაღა. „მონიტორის“ მიერ საგამოძიებო სიუჟეტის ანონსის გამოქვეყნებისთანავე აღნიშნული ოფისი დაიხურა.
ჟურნალისტებმა მოპოვებული მასალა პროკურატურას მიაწოდეს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ 2025 წელს დაწყებული გამოძიება კვლავ გრძელდება, შემაჯამებელი გადაწყვეტილება კი უცხოელი პარტნიორებისგან, კერძოდ გერმანიისგან, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მისაღებ ინფორმაციაზეა დამოკიდებული.
ნიშანდობლივია, რომ გასულ დღეებში საგამოძიებო მედია „სტუდია მონიტორის“ ფეისბუქგვერდი გაითიშა. მსგავსი შემთხვევა მედიის YouTube-არხზეც მოხდა, თუმცა პლატფორმამ საჩივრების სიყალბე დაადასტურა და არხი აღადგინა; 1 ივლისს კი, კოორდინირებული შეტევის შედეგად, Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, რომლებიც მოგვიანებით ასევე აღდგა.
ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა
მოსამართლე ნინო ელეიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის გამო 1 წელი და 6 თვე მიესაჯა. ეს პოლიტიკოსის მესამე განაჩენია, თუმცა ახალი სასჯელით მას ციხეში მოსახდელი დრო არ დამატებია – წინა ორი განაჩენით ნიკა მელიას თავისუფლება უკვე 1.5 წლით აქვს აღკვეთილი.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გასულ დღეებში პროკურატურამ პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნ. ი.-სა და ა. ბ.-ს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ნ. ი.-ს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება ედება ბრალად (9-დან 13 წლამდე პატიმრობა), ხოლო მეორე ბრალდებულს, ა. ბ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (3-დან 7 წლამდე პატიმრობა).
დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს და უარყოფს.
ქვეყნის მასშტაბით ელექტრონერგია ისევ გაითიშა
საქართველოში ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მესამედ გაითიშა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ინტერნეტის, ქუჩის განათების, მეტროსა და რკინიგზის მუშაობაში. მოსახლეობა მოსალოდნელი რისკის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.
სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განმარტებით, გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას მოჰყვა, რომლის მიზანიც 24-25 ივლისის ავარიების შემდეგ სისტემის სუსტი წერტილების გამოვლენა იყო. ტესტირება მოიცავდა ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადაყვანას, რასაც მაღალი ტექნიკური რისკების გამო სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა.
აშშ–ის „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამა საქართველოსთვის მუდმივი გახდა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფართოებული „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამა, რომელშიც საქართველო 2026 წლის მარტში შეიყვანეს, მუდმივი გახდა. საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული მოთხოვნა შეეხო.
ახალი წესის მიხედვით, B1/B2 ვიზის დამტკიცებისას საქართველოს მოქალაქემ $10 000, $15 000 ან $20 000 ოდენობის საგარანტიო დეპოზიტი უნდა გადაიხადოს, რომელიც ქვეყნის დადგენილ ვადაში დატოვების შემდეგ სრულად უბრუნდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო რეჟიმის დარღვევის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.
დააკავეს პირები, რომლებსაც საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ
საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპანიების „ბი.ჯი.ემ.1-ისა“ და „ქართული ხორც–პროდუქტების ფერმის“ დირექტორები, არჩილ დალაქიშვილი და მამუკა მენთეშაშვილი დააკავა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ქარელისა და მარნეულის ბაგა–ბაღებში 2026 წლის მაისში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცი შეიტანეს და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
უცხოეთი
„ჩვენც გჭირდება რაკეტები“ – ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემაზე.
6 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შორ მანძილზე მოქმედი სისტემა Patriot-ის რაკეტების მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ შტატებს „რაკეტები თავადაც სჭირდება“.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან ზელენსკის 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა მიაწოდა, რამაც ამერიკული სამხედრო მარაგის შემცირება გამოიწვია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ახლა თავისი არსენალის აღდგენითაა დაკავებული.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშს აძლიერებს, კიევი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს. ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა ლიცენზია Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ადგილობრივად, უკრაინაში წარმოებისთვის.
მასიური რუსული თავდასხმები უკრაინაზე და დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიში მკვეთრად გააძლიერა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის გამო, საცავებიდან საშიშმა ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა.
5 აგვისტოს კიევმა რუსეთიდან გაშვებული ვერც ერთი რუსული რაკეტა ვერ მოიგერია. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 24 ბალისტიკური, 4 გემსაწინააღმდეგო რაკეტა და 115 დრონი გაუშვა. დაიღუპა 17 და დაშავდა 44 ადამიანი.
თავდასხმის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტნიორები უნდა აცნობირებდნენ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შეფერხება რომ ასეთ მსხვერპლს იწვევს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8 300-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი ისროლა, რაც ომის განმავლობაში ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
7 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სიღრმეში, ფრონტის ხაზიდან 2 000 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსული ონლაინმაღაზია Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე. თავდასხმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რის გამოც 800-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. უკრაინული მხარის ცნობით, აღნიშნული კომპანიის ობიექტები სამიზნედ იმიტომ შეირჩა, რომ ის რუსული არმიისთვის შეიარაღების ნაწილების მიწოდებას უზრუნველყოფს.
ივლისის ბოლოდან დღემდე უკრაინამ Wildberries-ის 20-მდე ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყა რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინამ კვირის განმავლობაში რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებიც დაბომბა.
რუსულმა მხარემაც დაიწყო უკრაინული ონლაინპლატფორმების, სადისტრიბუციო ცენტრების განადგურება. 5 აგვისტოს რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე მასშტაბური შეტევისას მთავარ სამიზნეს სწორედ კომერციული საწყობები წარმოადგენდა. იერიშების შედეგად განადგურდა და სერიოზულად დაზიანდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების Rozetka-ს, Epicentr-K-ს, Silpo-ს, Nova Post-ის, Toyota-ს, Puma-სა და Liqui Moly-ს საწყობები.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება მოსკოვისთვის ომის დაფინანსების შეჩერებას ისახავს მიზნად.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა 6 რუსული ბანკი, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 6 ტანკერი და 4 კომპანია, რომლებსაც არმიის შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ლითონები შეაქვთ რუსეთში.
გერმანიის აეროპორტში ასაფეთქებლით დატვირთული დრონი იპოვეს
გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. ასაფექებელი ნივთიერება უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების სიახლოვეს იყო განთავსებული. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო „საფრთხის ახალ დონეზე“ საუბრობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ აღნიშნულის უკან დგანან მაღალ დონეზე მომზადებული, ტექნიკურად განსწავლული პირები და არ გამორიცხავს რომ თავდასხმა უცხო ქვეყნის ჩარევით მზადდებოდა.
როგორც BBC წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი თავდასხმის მთავარი ამოცანა ევროპული ქვეყნების დაშინება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა.
NATO და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის დეტალურ გამოძიებას აგრძელებენ. BBC წერს, რომ ექსპერტები მომდევნო თვეებში ევროპაში ჰიბრიდული შეტევების შემთხვევათა მატებას ელოდებიან.