ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროსა და ალბანეთის გაწევრების პროცესის დაჩქარების მიზნით სპეციალური „სამოქმედო გზამკვლევების“ დამტკიცებას განიხილავს. ამის შესახებ POLITICO ევროკომისიის ორი მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასრულების საორიენტაციო ვადებს განსაზღვრავს. ოთხივე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე კანდიდატებად მიიჩნევა.
ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებით, გზამკვლევები თითოეული კანდიდატი ქვეყნისთვის მკაფიოდ განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს, პრიორიტეტებსა და შესრულების ვადებს. დოკუმენტები ასევე ითვალისწინებს მოლაპარაკებების ცალკეული „კლასტერების“ დახურვის სავარაუდო თარიღებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სექტემბერში თქვა, რომ ევროკავშირი მიზნობრივ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებმაც რეფორმების განხორციელებაში ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს.
ამ ეტაპზე „სამოქმედო გზამკვლევს“ არ შესთავაზებენ კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ბოსნია და ჰერცეგოვინას – ეს ქვეყნები გაწევრების პროცესის ადრეულ საფეხურზე არიან.
სამოქმედო გეგმა არც საქართველოსთვის თურქეთისა და სერბეთისთვის არის გათვალისწინებული ამ ქვეყნების გაწევრების პროცესში პროგრესი შეჩერებულია დემოკრატიულ და სასამართლო სისტემებთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო.
ევროკომისიის სპიკერის განცხადებით, ახალი გზამკვლევები კანდიდატ ქვეყნებს „გაწევრების მოლაპარაკებების დასრულებისკენ მიმავალ გზას“ შესთავაზებს და განსაზღვრავს ვადებსა და კონკრეტულ ამოცანებს, რათა მოწინავე კანდიდატებმა აუცილებელი რეფორმები გაატარონ.
POLITICO წერს, რომ გაწევრების პროცესის დაჩქარება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის უფრო ფართო გადახედვის ნაწილია. ბლოკში მიიჩნევენ, რომ კანდიდატ ქვეყნებს „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ უფრო მკაფიო შესაძლებლობები უნდა მიეცეთ, მათ შორის ეკონომიკური სარგებლისა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის გზით.
ევროკომისიის შიდა დოკუმენტის პროექტში, რომელიც POLITICO-მ ნახა, ნათქვამია, რომ გაფართოება „გეოპოლიტიკურ აუცილებლობად“ რჩება, თუმცა გაწევრების პროცესი დროს მოითხოვს. დოკუმენტის თანახმად, კანდიდატმა ქვეყნებმა მკაცრი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უნდა გაიარონ და ფართომასშტაბიანი, მდგრადი რეფორმები განახორციელონ.
ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გეგმავენ ევროკავშირის შიდა მექანიზმების შეცვლის შეთავაზებას, რათა ახალი წევრების დამატებამ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს. შესაძლო ცვლილებებს შორის სახელდება საგანგებო დებულებები და გარდამავალი პერიოდები, სანამ ახალი წევრები წევრობის ყველა უფლებას სრულად მიიღებენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი წევრების მიღების საკითხში ფრთხილობენ. კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის მოქმედი წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
ევროკავშირის ლიდერები გაფართოებისა და შიდა რეფორმების საკითხებზე 15 ოქტომბრიდან ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან სამიტზე იმსჯელებენ. ევროკომისია წევრი ქვეყნებისგან გაწევრიანების პროცესის დაჩქარების პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება.
კოსმა სექტემბრის დასაწყისში POLITICO-ს განუცხადა, რომ იმედი აქვს, დაგეგმილი ცვლილებები და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებები წლების განმავლობაში შენელებული პროგრესის შემდეგ „გაფართოების შემოდგომას“ შექმნის.
ფონ დერ ლაიენი ამ კვირაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა და მოლაპარაკებებს gamarTavs მონტენეგროს, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ლიდერებთან. ის არ ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სერბეთს, სადაც ეროვნული არჩევნების პროცესია.