23 ივნისს ევროკომისიამ წარადგინა „კავშირების დღის წესრიგის პლატფორმა“ (Connectivity Agenda Platform) და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გააფორმა შეთანხმებები, რომელთა ფარგლებშიც, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში სტრატეგიული დაკავშირებადობის ინვესტიციებისთვის, სავარაუდოდ, 2 მილიარდამდე ევროს მობილიზება მოხდება.
პლატფორმა წარადგინეს იქნა მაღალი დონის მინისტერიალზე, რომლის მასპინძლებიც იყვნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარი იოზეფ სიკელა და მდგრადი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი აპოსტოლოს ძიძიკოსტასი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან, ასევე G7-ისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რათა წინ წაეწიათ რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ფარგლებში.
„მზარდი კონფლიქტების ფონზე შესანიშნავია იმის დანახვა, რომ ამდენი ქვეყანა ერთიანდება საერთო პროექტის გარშემო. ჩვენ გვჭირდება საიმედო სავაჭრო მარშრუტები და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ასეთად ჩამოყალიბდა. მომავალი 15 წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ვაჭრობა შესაძლოა ხუთჯერ გაიზარდოს. ამის მისაღწევად საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება. მრავალი პროექტი და ინიციატივა უკვე ხორციელდება. პლატფორმა მათ ერთმანეთთან დააკავშირებს, შეავსებს არსებულ ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და მარშრუტს თავიდან ბოლომდე გააერთიანებს“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.
ანონსის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მაღალი რანგის პირებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, თუმცა ისინი შეხვედრას არ დასწრებიან.
„ნეტგაზეთს“ ევროკომისიის სპიკერმა განუცხადა:
„საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც წარსულში, რეგიონის ყველა პარტნიორი იყო მიწვეული. ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველო რისკავს იმ სარგებლის შეზღუდვას, რომელიც მას სრულყოფილად შეუძლია მიიღოს „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ ფარგლებში“.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს მიწვევა გაუგზავნა „ტექნიკურ დონეზე“ და შეხვედრაზე ელოდნენ ევროკავშირში საქართველოს ელჩს, თუმცა ვახტანგ მახარობლიშვილი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
გამოცემას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ „ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელშიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოს შესაბამის სამინისტროს ევროკომისიის მოსაწვევი არ მიუღია“.
გასულ წელს დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალი ჩატარდა ლუქსემბურგში, რომელშიც საქართველომ ასევე არ მიიღო მონაწილეობა, რადგან ევროკავშირმა საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტები შეაჩერა და მოწვევა ელჩის დონეზე იყო გამოგზავნილი.
რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი, რომელიც პირველად სწორედ 2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე წარმოადგინეს, ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილია.
მისი მიზანია ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის გავლით, სტრატეგიული ინვესტიციებისა და რეგულატორული თანამშრომლობის კოორდინაციის გზით.