ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე გაიმართა.
შეხვედრის შესახებ გავრცელებულ, თითქმის იდენტურ განცხადებებში ნათქვამია, რომ მინისტრებმა „სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში პოზიტიური დღის წესრიგის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე მოსაზრებები გაცვალეს“.
თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რომელ „მრავალმხრივ ფორმატებს“ გულისხმობდნენ მინისტრები ან რას მოიცავს „პოზიტიური დღის წესრიგი“.
„ორივე მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მნიშვნელობას და მიმოიხილა 2025 წლის ვაშინგტონის სამიტზე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებების შემდეგ არსებული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვას“, — ნათქვამია სომხური მხარის განცხადებაში.
ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის „სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთქმედებას“, როგორც „მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითებს“ და შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ დიალოგს გააგრძელებდნენ.
იმავე დღეს სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანამ აზერბაიჯანში ალუმინის ფოლგა გაიტანა. ეს 2025 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების გააქტიურების შემდეგ აზერბაიჯანში სომხური პროდუქციის პირველი ექსპორტია. ამასთან, აზერბაიჯანი 2025 წლის დეკემბრიდან სომხეთს ნავთობპროდუქტებს რეგულარულად აწვდის.
მირზოიანისა და ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა ორ ქვეყანას შორის განახლებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც მთიან ყარაბაღში მდებარე მონასტრების წარმომავლობის შესახებ დავამ გამოიწვია.
სომხეთში უკმაყოფილება მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევის მიერ სექტემბრის შუა რიცხვებში უცხოელი დიპლომატების ჯგუფისთვის მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილ ტურს. ჰაჯიევმა განაცხადა, რომ იქ მდებარე მონასტრები არა სომხური, არამედ კავკასიელი ალბანელების მემკვიდრეობაა. ეს თეორია ფსევდოისტორიულად მიიჩნევა.
აზერბაიჯანმა სომხეთი ასევე დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის „ძარცვაში“ და „დაძაბულობის შემცირებამდე“ გადადო „მშვიდობის ხიდის ინიციატივის“ (Peace Bridge Initiative) შეხვედრა, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სომხეთში უნდა გამართულიყო.
22 სექტემბერს სომხეთის პრესკლუბის ხელმძღვანელმა ბორის ნავასარდიანმა (რომელიც ამ ინიციატივის ნაწილია), „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ სომხური მხარე „მხარს უჭერს დაგეგმილი შეხვედრების ჩატარებას და არა მათ გადადებას“.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები 2025 წლის აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ დაიწყო. სადაც მოხდა სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება (ინაციალიზება), თუმცა დოკუმენტი საბოლოოდ ხელმოწერილი ჯერაც არ არის.
ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 24 სექტემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევანი აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტს „ელოდება“.
„ძალიან გაგვიხარდება, თუ ეს ვიზიტი შედგება. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს და ველოდებით მათ ჩამოსვლას“, – განაცხადა სიმონიანმა. მისი თქმით, სომხური მხარე „მზად არის, მათ ძალიან კარგად უმასპინძლოს“. მან მაგალითად მოიყვანა 2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში სომხური დელეგაციების მიღება.
სიმონიანმა „ზოგადი დაძაბულობის“ არსებობა აღიარა, თუმცა გამოთქვა რწმენა, რომ მოლაპარაკებები და დაგეგმილი ვიზიტი განახლდება.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დაძაბულობას შეეხო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ გადაუჭრელ საკითხებზე, როგორებიცაა ტერიტორიების ნაღმებისგან აწმენდის საკითხი, დაკარგული ადამიანების გაურკვეველი ბედი და აზერბაიჯანში დაკავებული სომხების გათავისუფლება.
ამჟამად აზერბაიჯანში 19 სომეხი იმყოფება პატიმრობაში, მათ შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოფიციალური პირები.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ გადაუჭრელ საკითხებთან ერთად, „კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც პესიმისტებს აძლიერებს, არის სომხეთისა და აზერბაიჯანის გარკვეულ წრეებში, ზოგჯერ კი ოფიციალურ დონეზეც, კონფლიქტური რიტორიკის პერიოდული გამოყენება“.
„ვფიქრობ, ჩვენ, ანუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, უკვე მივაღწიეთ იმაზე მეტს, ვიდრე საკმარისია იმისთვის, რომ ეს მიღწეული შედეგები ჩვენთვის უფრო ღირებული იყოს, ვიდრე კონფლიქტური რიტორიკის გამოყენება იქნება ეს ისტორიის, ისტორიულ-კულტურული ძეგლების თუ სხვა საკითხების შესახებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.