პაატა სალია: გიორგი დავითაძის კადრები ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მტკიცებით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.

სალიას თქმით, დავითაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებებიდან არც ერთი არ დადასტურებულა, თუმცა საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა“, – თქვა პაატა სალიამ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ასევე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა დავითაძის მიმართ გამოყენებული ძალა პროპორციული და რამდენად საჭირო იყო კონკრეტულ სიტუაციაში პენიტენციური სამსახურის ამდენი თანამშრომლის ჩარევა.

„ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული…“, – თქვა მან.

სალიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს კანონით აქვთ უფლება, „გამოიყენონ იძულების მექანიზმები, თუ პატიმარი შინაგანაწესს ან კანონს არ ემორჩილება და თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესრულებაში ხელს უშლის“.

მისივე თქმით, გავრცელებული კადრების შეფასების შემდეგ შესაძლოა დავითაძის წინააღმდეგ ბევრი თანამშრომლის ჩარევა საჭირო ყოფილიყო.

„რაც კადრებიდან ერთი შეხვედით ჩანს, პატიმრის დამოკიდებულებიდან, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ამდენი ადამიანის ჩარევა ყოფილიყო საჭირო, იმისთვის, რომ კანონით დადგენილი პროცედურები განხორციელებულიყო“, – განაცხადა სალიამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, თუ გამოძიების დასრულების შემდეგ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

სალიამ ასევე თქვა, რომ „მსგავსი შემთხვევებისგან არცერთი ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემა სრულად დაცული არ არის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ასეთ ბრალდებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს“.

სალიამ ასევე არ გამორიცხა, რომ პატიმრების მხრიდან გაჟღერებული, მისი შეფასებით, ცრუ ბრალდებები პენიტენციურ დაწესებულებებში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას უკავშირდებოდეს. თუმცა, დასძინა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია.

„ვფიქრობ, რომ გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს არის გამორიცხული, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში. [ციხის თანამშრომლების] ღირსება, მათი შრომა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არავის მივცემთ უფლებას დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებებით, მათი შრომა და მათი ღირსება შელახოს“, – თქვა სალიამ.

სალიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა მომხდარის ისეთი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ხმა ახლავს, პასუხი არ გასცა. გიორგი დავითაძის ოჯახი სწორედ კადრების ხმით გავრცელებას ითხოვს.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“. დავითაძის თქმით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო „უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.