მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ.

საპროცესოს გაფორმება სურს ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გური ჟვანიასაც.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურასთან საპროცესოს გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სხდომის გადადება მოითხოვეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ „აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული“ და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

„ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები არიან. მათ 2026 წლის 7 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გური ჟვანიას კი 5 წელი აქვს მისჯილი.

ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ მუხლებში და თითოეულზე სხვადასხვა სასჯელი განესაზღვრათ, თუმცა კანონის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

მურთაზ ზოდელავას ბრალი წარდგენილი აქვს სამი მუხლით: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ლაშა ბერიძეს კი ბრალი ორი მუხლით წარედგინა – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

რაც შეეხება გური ჟვანიას, მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება.